საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება: 5 მნიშვნელოვანი პრაქტიკული რჩევა

  • შესავალი

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება წარმოადგენს იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც საარბიტრაჟო დავის შედეგი რეალურ იურიდიულ ეფექტს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების საკითხებს შედარებით მკაფიოდ აწესრიგებს, პრაქტიკაში არაერთი ფორმალური და პროცედურული საკითხი იჩენს თავს, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ან საერთოდ შეუძლებელი გახადოს შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მხარემ წინასწარ შეაფასოს როგორც წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორე და სისრულე, ისე ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებმაც შესაძლოა სასამართლოს მხრიდან უარის თქმა განაპირობოს.

    გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება ხორციელდება სააპელაციო სასამართლოს მიერ, ხოლო უცხო ქვეყნის მიერ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება - უზენაესი სასამართლოს მიერ.

  • 1. სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაირიცხოს ადგილობრივი ანგარიშიდან

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცედურის დაწყებისას ერთ-ერთი პირველი პრაქტიკული საკითხია სახელმწიფო ბაჟის სათანადო წესით გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ბაჟი გადარიცხული იყოს საქართველოში რეგისტრირებული ანგარიშიდან. ბაჟის გადახდა ხორციელდება სახელმწიფო ხაზინაში, ამიტომ უცხოური ანგარიშიდან ამის განხორციელება შეუძლებელია.

  • 2. მინდობილობაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული შესაბამისი უფლებამოსილება

    მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს წარმომადგენლის უფლებამოსილების სათანადოდ განსაზღვრაც. კერძოდ, მინდობილობაში აშკარად და ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს მითითებული, რომ წარმომადგენელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხებზე. მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი წარმომადგენლობის შესახებ შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი. პრაქტიკული თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, მინდობილობის ტექსტში პირდაპირ აისახოს როგორც გადაწყვეტილების ცნობის, ისე მისი აღსრულების მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებამოსილება, რათა გამოირიცხოს პროცესში დამატებითი შეკითხვები ან ფორმალური ხარვეზები.

  • 3. სასამართლოს უნდა წარედგინოს საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მიზნით სასამართლოსთვის წარსადგენ დოკუმენტაციას შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საარბიტრაჟო შეთანხმების დედანს. ამ კონტექსტში დედნად მიიჩნევა სველი ხელმოწერით შესრულებული შეთანხმება. აღნიშნული მოთხოვნა არსებითია, რადგან სწორედ საარბიტრაჟო შეთანხმება წარმოადგენს იმ იურიდიულ საფუძველს, რომელიც ადასტურებს მხარეთა ნებას დავის საარბიტრაჟო წესით გადაწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლოს არ წარედგინა სათანადო ფორმით შესრულებული შეთანხმების დედანი, მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლოა გართულდეს.

  • 4. უარის საფუძველი შეიძლება გახდეს მხარის არასათანადო ინფორმირება ან ინტერესის დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვა

    მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მისი ცნობა და აღსრულება არ არის ავტომატური. სასამართლომ შესაძლოა უარი თქვას გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ ის მხარე, რომლის წინააღმდეგაც გადაწყვეტილებაა გამოტანილი, განცხადებით მიმართავს სასამართლოს და დაადასტურებს, რომ იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ, ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია და დაეცვა თავისი ინტერესები. აღნიშნული საფუძველი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის უკავშირდება სამართლიანი განხილვის, თანასწორობისა და დაცვის უფლების ფუნდამენტურ პრინციპებს.

  • 5. უცხოენოვანი დოკუმენტები უნდა იყოს სათანადოდ თარგმნილი ქართულ ენაზე

    საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის წარდგენისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დოკუმენტების ენობრივ შესაბამისობას. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო შეთანხმება შედგენილია უცხო ენაზე, სასამართლოს უნდა წარედგინოს მათი სათანადოდ დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. მინსკის კონვენციის წევრ ქვეყნიდან წარმოდგენილ გადაწყვეტილებას არ სჭირდება აპოსტილი ან ლეგალიზაცია. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს პროცედურული შეფერხებები და გაართულოს საქმის სრულყოფილად განხილვა. შესაბამისად, პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხოენოვანი დოკუმენტი წინასწარ იყოს სწორად ნათარგმნი და სათანადო წესით დამოწმებული.