წარმოიდგინეთ: წლობით ქმნიდით ბრენდს, დახარჯეთ დრო, ფული, რეპუტაცია და ერთ დღეს კონკურენტი ზუსტად იმავე სახელით ან ლოგოთი გამოჩნდება ბაზარზე. ან კიდევ უარესი, ვიღაცამ თქვენზე ადრე დაარეგისტრირა.
ეს სცენარი ხშირია და მისგან დაცვა მარტივია თუ დროულად იზრუნებთ.
საქართველოში ბრენდის სამართლებრივი დაცვა ხდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გზით, „სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონისა და „საქპატენტის" - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მეშვეობით.
1. რა არის სასაქონლო ნიშანი და რა შეიძლება დარეგისტრირდეს?
სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო, რომელიც გამოიყენება მეწარმის მიერ წარმოებული საქონლის ან გაწეული მომსახურების საიდენტიფიკაციოდ და განასხვავებს მას კონკურენტის პროდუქტისგან.
სასაქონლო ნიშნად შეიძლება დარეგისტრირდეს:
- სიტყვა, სიტყვები, ადამიანის სახელი
- ასოები, ციფრები, ბგერები
- გამოსახულება, ლოგო, ემბლემა
- სამგანზომილებიანი ფიგურა
- საქონლის ფორმა, შეფუთვა, ფერი ან ფერთა კომბინაცია
მარტივად რომ ვთქვათ: ბრენდის სახელი, ლოგო, სლოგანი, სავიზიტო ფერი, ეს ყველაფერი შეიძლება დაცული იყოს სამართლებრივად.
რა არ რეგისტრირდება?
გვარეობითი ცნებები (მაგ. „პური" საცხობისთვის), შეცდომაში შემყვანი სიმბოლოები, სახელმწიფო სიმბოლიკის მსგავსი ნიშნები, ან ისეთი ნიშანი, რომელიც უკვე სხვის სახელზეა რეგისტრირებული.
2. რატომ არის რეგისტრაცია მნიშვნელოვანი?
საქართველოში სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება მხოლოდ რეგისტრაციით მოიპოვება - გამონაკლისია მხოლოდ ე.წ. საყოველთაოდ ცნობილი ნიშნები, თუმცა ამ სტატუსის მოპოვებაც ცალკე პროცედურაა.
რეგისტრაცია გაძლევთ უფლებას:
- აუკრძალოთ სხვას გამოიყენოს იგივე ან მსგავსი ნიშანი
- სასამართლოში დაიცვათ თქვენი ინტერესები
- გადასცეთ ან გასცეთ ლიცენზია ნიშნის გამოყენებაზე
- გამოიყენოთ ® სიმბოლო
ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ პრიორიტეტი ენიჭება იმას, ვინც პირველი შეიტანს განაცხადს და არა ვინც პირველი გამოიყენა. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე წლების განმავლობაში მოღვაწეობა დაცვას ავტომატურად არ გვაძლევს.
3. სად და როგორ ხდება რეგისტრაცია?
რეგისტრაცია შესაძლებელია საქპატენტში - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში,
განაცხადი უნდა შეიცავდეს:
- განმცხადებლის სრულ სახელს და მისამართს
- სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას
- საქონლის/მომსახურების ჩამონათვალს (კლასების მიხედვით)
პროცედურა სტანდარტული წესით:
- ფორმალური ექსპერტიზა - 1 თვე
- არსობრივი ექსპერტიზა - 6 თვე
- გამოქვეყნება და 3-თვიანი სააპელაციო ვადა
- რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა
დაჩქარებული პროცედურაც შესაძლებელია. პრიორიტეტის თარიღი და ფორმალური ექსპერტიზა - 3 სამუშაო დღეში, არსობრივი ექსპერტიზა - 7 სამუშაო დღეში ფორმალური ექსპერტიზის დასრულებიდან.
რეგისტრაციის მოქმედების ვადა 10 წელია განაცხადის შეტანის დღიდან, გაგრძელება შესაძლებელია ყოველი 10 წლით შეუზღუდავი ჯერადობით.
4. რა ემუქრება რეგისტრაციას?
რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ სასაქონლო ნიშანი 5 წლის განმავლობაში არ გამოიყენებოდა ან მფლობელმა ვადის გაგრძელების საფასური არ გადაიხადა (თუმცა ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში შესაძლებელია აღდგენა)
რეგისტრაცია შეიძლება ბათილად იქნეს ცნობული სასამართლოს მიერ, თუ განაცხადი არაკეთილსინდისიერი განზრახვით შეიტანეს, ან ნიშანი სხვის საავტორო უფლებებს ლახავს ანდა ნიშანი სხვის ბიზნეს სახელწოდებასთან აღრევის საფუძველს ქმნის
5. საერთაშორისო დაცვა
თუ ბიზნესი საქართველოს ფარგლებს გასცდა - საერთაშორისო რეგისტრაციაა შესაძლებელი მადრიდის შეთანხმების ოქმის მეშვეობით - ერთი განაცხადით მრავალ ქვეყანაში ან პირდაპირ, სასურველი ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში.
საქართველო პარიზის კონვენციის წევრია 1991 წლიდან და TRIPS-ის შეთანხმების , 2000 წლიდან, რაც ქართული ნიშნის საერთაშორისო დაცვას ამარტივებს.
დასკვნა
ბრენდი ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული აქტივია, ხშირად უფრო ფასეული, ვიდრე ფიზიკური ქონება. მისი სამართლებრივი დაცვა კი არ საჭიროებს არც დიდ ბიუჯეტს, არც კომპლიქურ პროცედურებს - საჭიროა დროული ნაბიჯი.
საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი, ელექტრონული და გასაგები პროცედურაა. 10-წლიანი დაცვა, გაგრძელების შეუზღუდავი შესაძლებლობა და საერთაშორისო ჩარჩო ,ეს სისტემა იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ მისით დროულად ისარგებლებთ.
ერთი პრაქტიკული რჩევა: ბიზნეს სახელის ან ლოგოს შემუშავებამდე გადაამოწმეთ საქპატენტის ბაზაში, ხომ არ არსებობს მსგავსი ნიშანი. ეს ნაბიჯი უფასოა.