წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შპს-ის საქმიანობა აღარ არის მომგებიანი, ან უბრალოდ სხვა პროექტზე გადადიხართ – და გინდათ კომპანია „უბრალოდ დაიხუროს“.

რეალობაში ეს „უბრალოდ“ იშვიათად მუშაობს, ასე მარტივად. კომპანიის დახურვა არ არის ღილაკზე დაჭერა საჯარო რეესტრში, ეს არის რამდენიმეთვიანი პროცედურა, რომელსაც კრედიტორები, საგადასახადო ორგანო და კანონით დადგენილი ვადები მართავენ.

ლიკვიდაცია vs გაუქმება - ეს ორი სულ სხვადასხვა რამაა

ხშირად ორივე ტერმინი სინონიმებად გამოიყენება, თუმცა სამართლებრივად განსხვავებულია. გაუქმება არის საწარმოს რეესტრიდან ამოღების საბოლოო აქტი. ლიკვიდაცია კი წინა პროცესია - კომპანიის ვალდებულებებისა და აქტივების მოწესრიგება, კრედიტორთა დაკმაყოფილება, დარჩენილი ქონების პარტნიორებზე გადანაწილება. მხოლოდ ამის დასრულების შემდეგ ხდება საწარმოს რეესტრიდან ამოღება.

როგორ იწყება პროცესი?

პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას ლიკვიდაციის დაწყების შესახებ და ნიშნავენ ლიკვიდატორს, პირს, ვინც პროცესს წარმართავს. ეს გადაწყვეტილება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში, და სწორედ აქედან იწყება ათვლა.

კრედიტორები - აქ არის ყველაზე მეტი პრაქტიკული რისკი

ლიკვიდაციის რეგისტრაციისთანავე კომპანია ვალდებულია ყველა ცნობილ კრედიტორს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, სადაც მითითებული იქნება დაკმაყოფილების ვადები. თუ კრედიტორი უცნობია ან მისამართი უცხობია, ინფორმაცია ქვეყნდება საჯაროდ. ეს არ არის ფორმალობა: თუ კომპანია ამ ეტაპს გამოტოვებს ან არასრულყოფილად ჩაატარებს, კრედიტორს შეუძლია მოგვიანებით პრეტენზია წამოაყენოს, ხოლო თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება დაუკმაყოფილებელი კრედიტორი, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდება დეპონირებული თანხიდან ან ქონებიდან, რაც ნიშნავს, რომ პარტნიორებს შორის ნაადრევად განაწილებული აქტივი შესაძლოა კვლავ „დაბრუნდეს თამაშში“.

ვადები, რომლებსაც პრაქტიკოსი უნდა აკონტროლებდეს

ლიკვიდაცია უნდა დასრულდეს დაწყებიდან არაუგვიანეს 4 თვისა. თუ ამ პერიოდში საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობს, ვადა გრძელდება შემოწმების დასრულებიდან კიდევ 1 თვით. საგადასახადო თვალსაზრისით, ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში საჭიროა ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა შესაბამის საგადასახადო ორგანოში, თუმცა ეს ვადა ხშირად იკარგება, რადგან ყურადღება მთლიანად კრედიტორებზეა გადატანილი.

რა ხდება, თუ კომპანია მართლაც გადახდისუუნაროა

მნიშვნელოვანია განსხვავება ჩვეულებრივ ლიკვიდაციასა და გადახდისუუნარობის (გაკოტრების) პროცედურას შორის. თუ საწარმოს აქტივები ვალდებულებებს ვერ ფარავს, ჩვეულებრივი ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია ვეღარ გამოდგება ინსტრუმენტად, საქმე გადადის რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების რეჟიმში, სადაც კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა და პროცედურა უკვე სხვა კანონით რეგულირდება. ეს ხშირად გამორჩება მეწარმეს მხედველობიდან, სანამ უკვე გვიან აღმოაჩენს, რომ „უბრალო“ ლიკვიდაცია აღარ არის ვარიანტი.

საგადასახადო ასპექტი - "ესტონური მოდელი" აქაც მოქმედებს

საქართველოს მოგების გადასახადის მოდელი გაუნაწილებელ მოგებას არ ბეგრავს, თუმცა ლიკვიდაციისას პარტნიორებზე დარჩენილი ქონების განაწილება, პრაქტიკაში, დივიდენდის განაწილების ტოლფასია და შესაბამისად იბეგრება. ეს ნიშნავს, რომ ლიკვიდაციის ეტაპზე გადასახადის ოპტიმიზაცია საჭიროებს დაგეგმვას, არა ბოლო მომენტში, არამედ პროცესის დაწყებამდე.

დასკვნა

ბიზნესის ლიკვიდაცია საქართველოში არ არის ერთჯერადი აქტი, არამედ თანმიმდევრული ქმედებების ჯაჭვია:

პარტნიორთა გადაწყვეტილება → რეგისტრაცია → კრედიტორთა შეტყობინება და დაკმაყოფილება → საგადასახადო შემოწმება → საბოლოო გაუქმება.

თითოეულ ეტაპზე გამოტოვებული ვადა ან არასრულყოფილად შეტყობინებული კრედიტორი შეიძლება პროცესს თვეებით გაახანგრძლივების მიზეზი გახდეს, ან პარტნიორებს მოგვიანებით პასუხისმგებლობაც კი დაეკისროთ. სწორედ ამიტომ, კომპანიის დახურვის გადაწყვეტილება იმსახურებს იმავე სიფრთხილეს, რასაც მისი დაფუძნება - იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციის გარეშე, "მარტივი" ლიკვიდაცია ხშირად ყველაზე ძვირად უჯდება მეწარმეს.