ბიზნესის გაყიდვა უმეტეს შემთხვევაში მარტივი პროცედურა არ არის, ამ პროცედურის დროს გაცენილი ის კითხვები ხშირად უფრო რთულია, ვიდრე ფასზე შეთანხმება - რას ყიდი, კომპანიას თუ მის აქტივებს? სჭირდება თუ არა კონკურენციის სააგენტოს დასტური? რა მოუვათ თანამშრომლებს? და ვინ რამდენს გადაიხდის გადასახადში? საქართველოში ამ კითხვებს უკვე საკმაოდ კონკრეტული პასუხები აქვს - 2022 წლიდან მოქმედებს განახლებული „მეწარმეთა შესახებ" კანონი, ხოლო კონკურენციის კანონმდებლობამ 2020 წლის რეფორმის შემდეგ პირველად შემოიღო რეალური კონტროლი დიდ გარიგებებზე.
წილი თუ აქტივი
პირველი გადასაწყვეტი საკითხი ხშირად უფრო ტექნიკურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ყიდი კომპანიას წილის ან აქციების გასხვისებით, თუ მის კონკრეტულ აქტივებს, ქონებას, მოთხოვნებს, ბრენდს? ეს ორი გზა სულ სხვანაირად მუშაობს. წილის გაყიდვისას მყიდველი კომპანიას იძენს ისეთი, როგორიც ის რეალურად არის, მისი ვალებით, ხელშეკრულებებით, დამალული პრობლემებითაც კი. აქტივის გაყიდვისას მყიდველს შეუძლია აირჩიოს, ზუსტად რას ყიდულობს, და კომპანიის ძველი ვალდებულებები მასზე პრინციპში არ გადადის. სწორედ ამიტომ არის due diligence („სათანადო გადამოწმება“ ან „სათანადო გულმოდგინება“.) გამყიდველის ფინანსური და სახელშეკრულებო ისტორიის შემოწმება - წილის გაყიდვისას ბევრად კრიტიკული, ვიდრე უბრალო აქტივის შესყიდვისას.
წილის გასხვისება და რეესტრში რეგისტრაცია
შპს-ის წილის ან სს-ის აქციების გასხვისება ხდება ხელშეკრულებით, მაგრამ საკუთრების ცვლილება მესამე პირების მიმართ ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება, ამას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს. უნდა იცოდე, ვის შეუძლია რეგისტრაცია მოითხოვოს: გამსხვისებელ პარტნიორსაც და შემძენსაც, ხოლო თუ საქმე მემკვიდრეობას ეხება, თავად მემკვიდრეს. აქვე, პარტნიორთა ვინაობა საჯარო ინფორმაციაა - ნებისმიერი პიროვნება ნებისმიერ დროს გაარკვევს, ვინ რომელ კომპანიას და რა წილს ფლობს.
როდის სჭირდება კონკურენციის სააგენტოს დასტური
2020 წლის რეფორმის შემდეგ საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობამ რეალურად ამუშავდა კონცენტრაციების კონტროლი. თუ ბიზნესის გაყიდვა (ან შერწყმა, ან ერთობლივი საწარმოს შექმნა) ერთი მხარის მიერ მეორეზე კონტროლის მოპოვებას იწვევს, და მონაწილე მხარეების ბრუნვა სააგენტოს მიერ დადგენილ ზღვარს აღემატებ, გარიგება წინასწარ უნდა შეატყობინონ სააგენტოს. ეს ე.წ. ex-ante რეჟიმია: შეტყობინება სავალდებულოა გარიგებამდე, და თუ ეს არ მოხდა, საჯარო რეესტრი ვალდებულია უარი განაცხადოს გარიგების რეგისტრაციაზე. სააგენტო შეტყობინებას კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს და, თუ ეჭვი გაუჩნდება, ვადას აგრძელებს დამატებითი შესწავლისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილისთვის ეს საკითხი საერთოდ არ დგება, ზღვარი საკმაოდ მაღალია, მაგრამ შესამჩნევად დიდ გარიგებაში ამის გამოტოვება არ შეიძლება.
გადასახადები - წილი და აქტივი სხვანაირად იბეგრება
ფიზიკური პირისთვის წილის ან აქციის გაყიდვა, ზოგადად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალია. იურიდიულ პირთან სურათი ცოტა უფრო საინტერესოა. საქართველოს მოგების გადასახადის მოდელი - ე.წ “ესტონური მოდელი” არ ბეგრავს კომპანიის გამომუშავებულ, მაგრამ გაუნაწილებელ მოგებას; გადასახადი წარმოიშობა მხოლოდ დივიდენდის განაწილების დროს. ეს ნიშნავს, რომ თუ კომპანია თავად ყიდის აქტივს ან წილს და შემოსავალს არ ანაწილებს, გადასახადის გადახდის დრო შეიძლება გადაიწიოს. ცალკე თემაა დღგ - მოძრავი და უძრავი ქონების გაყიდვისას შეიძლება დღგ-ის საკითხი დადგეს, ხოლო წილის ან აქციის გასხვისება ჩვეულებრივ დღგ-ის ობიექტი არ არის, რადგან ეს ფინანსური ინსტრუმენტია და არა საქონელი. ხშირად სწორედ ეს არჩევანი, რომ წილად გაფორმდეს გარიგება თუ აქტივად წყდება სტრუქტურირების ეტაპზევე, გადასახადის გამო.
რა მოუვათ თანამშრომლებს?
წილის გაყიდვისას დამსაქმებელი, ანუ თავად კომპანია უცვლელი რჩება, ამიტომ შრომითი ხელშეკრულებები ავტომატურად გრძელდება ახალი მესაკუთრის ქვეშაც. არც ცალკე თანხმობა სჭირდება, არც ხელახალი გაფორმება. აქტივის გაყიდვისას კი პირიქითაა - ძველი დამსაქმებელი და ახალი მყიდველი სხვადასხვა იურიდიული სუბიექტია, ამიტომ თანამშრომლების გადასვლა ავტომატურად არ ხდება: ან ახალი ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს, ან ძველები მხარეთა შეთანხმებით შეიცვალოს. ეს დეტალი მოლაპარაკებების დროს ხშირად ივიწყება, თუმცა პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
დასკვნა
ბიზნესის გაყიდვა საქართველოში რამდენიმე დამოუკიდებელ ფენად იშლება - საკორპორაციო (წილის გასხვისება და რეესტრის ცვლილება), საკონკურენციო (საკმარისად დიდ გარიგებაში სააგენტოს წინასწარი დასტური), საგადასახადო (სხვანაირი რეჟიმი წილისა და აქტივისთვის) და შრომითი (რა ემართებათ თანამშრომლებს). ეს ოთხივე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, და გადაწყვეტილება - გაიყიდოს კომპანია თუ მისი აქტივები ბოლოს სწორედ ამ ფაქტორების ურთიერთქმედებით განისაზღვრება, არა მხოლოდ ფასზე მოლაპარაკებით.