შესავალი: ხელშეკრულება, რომელიც ქაღალდზე კარგად გამოიყურება
წარმოიდგინეთ სიტუაცია: გაყიდვების მენეჯერი, რომელმაც სამი წელი იმუშავა თქვენთან და მთელი კლიენტთა ბაზა იცის, ხვალვე კონკურენტ კომპანიაში გადადის და კლიენტების ნახევარიც მასთან ერთად მიდის. თქვენ კი ხელში გიჭირავთ ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ ის ვალდებულია ორი წლის განმავლობაში არ დასაქმდეს კონკურენტ კომპანიაში. თითქოს ყველაფერი დაცულია. მაგრამ თუ საქმე სასამართლომდე მივა, დიდი შანსია, სწორედ ეს პუნქტი აღმოჩნდეს პრობლემა.
რატომ ეჭვქვეშ დგება არაკონკურენციის პუნქტი
პრობლემა იქიდან იწყება, რომ შრომის კოდექსი დასაქმების შემდგომ კონკურენციის აკრძალვას საერთოდ არ არეგულირებს. კანონი არ ამბობს, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ასეთი შეზღუდვა, საჭიროა თუ არა კომპენსაცია დასაქმებულისთვის შეზღუდვის პერიოდში, ან რა ტერიტორიაზე შეიძლება მოქმედებდეს. ეს ცარიელი ადგილი ბევრ დამსაქმებელს არასწორ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს, თუ მხარეები რაღაცაზე შეთანხმდნენ და ხელი მოაწერეს, ეს ავტომატურად სავალდებულოა. სინამდვილეში ხელშეკრულების თავისუფლება საქართველოში აბსოლუტური არ არის.
კონსტიტუცია შრომის თავისუფლებას ძირითად უფლებად აღიარებს - ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. სამოქალაქო კოდექსი კი პირდაპირ ადგენს, რომ ბათილია ნებისმიერი გარიგება, რომელიც კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება. სწორედ ამ ორ ნორმას შორის მოქცეული სივრცე განსაზღვრავს, სად გადის ზღვარი დამსაქმებლის ლეგიტიმურ ინტერესსა, ბიზნესის დაცვას, და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას შორის, თავად აირჩიოს სამუშაო.
პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ სასამართლო არაკონკურენციის პუნქტს არ განიხილავს როგორც ავტომატურად მოქმედს, ის აფასებს რამდენად პროპორციულია შეზღუდვა. აქ რამდენიმე რამ არის გადამწყვეტი. ვადა, რომელიც არის ორ-სამწლიანი შეზღუდვა და ბლანკეტურად ვრცელდება ნებისმიერ მსგავს პოზიციაზე, ხშირად გადაჭარბებულად ითვლება, განსაკუთრებით თუ ინდუსტრია სწრაფად იცვლება და ორი წლის შემდეგ თანამშრომლის ცოდნა უკვე მოძველებულია. გეოგრაფიული და საგნობრივი ფარგლები:პუნქტი, რომელიც კრძალავს დასაქმებას ნებისმიერ კონკურენტ კომპანიაში, ნებისმიერ პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფაქტობრივად კრძალავს პროფესიით მუშაობას საერთოდ, და ეს ზუსტად ის არის, რასაც კონსტიტუცია იცავს. და კომპენსაცია, რომ თუ დამსაქმებელი თანამშრომელს უკრძალავს მუშაობას, მაგრამ ამ პერიოდში არაფერს უხდის, სასამართლოსთვის ეს დამატებითი არგუმენტია, რომ პუნქტი არაპროპორციულია და რეალურად სასჯელის ფუნქციას ასრულებს, არა ბიზნესის ლეგიტიმური დაცვის.
აქვე ღირს განსხვავება გაკეთდეს ორ სრულიად სხვადასხვა საკითხს შორის, რომელსაც დამსაქმებლები ხშირად ურევენ ერთმანეთში კონკურენციის შეზღუდვის ვალდებულება, ანუ სად შეიძლება იმუშაოს ყოფილმა თანამშრომელმა, და ასევე კომერციული საიდუმლოების დაცვა, ანუ რა ინფორმაცია არ შეიძლება გამოიყენოს. ეს უკანასკნელი გაცილებით მყარ საფუძველზე დგას: კლიენტთა ბაზის, ფასების პოლიტიკის, მომწოდებელთა პირობების მოპარვა და კონკურენტისთვის გადაცემა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის საკითხია და ცალკე დაცვას ექვემდებარება, დამოუკიდებლად იმისგან, მუშაობდა თუ არა ყოფილი თანამშრომელი ხელშეკრულების პირობებით. სხვა სიტყვებით, მაშინაც კი, თუ არაკონკურენციის პუნქტი სასამართლომ არაპროპორციულად ცნო და ბათილად გამოაცხადა, კონკრეტული მონაცემების მოპარვა-გამოყენება ცალკე, დამოუკიდებელ დარღვევად რჩება.
პრაქტიკული თვალსაზრისით, კონკურენციის აკრძალვის პუნქტს ბევრად მეტი შანსი აქვს გაუძლოს სასამართლო შემოწმებას, თუ ვიწროდაა ჩამოყალიბებული, კონკრეტულად დასახელებული კონკურენტები, არა „ნებისმიერი კონკურენტი", გონივრული ვადა, რამდენიმე თვე და არა წლები, მკაფიო გეოგრაფიული საზღვარი და, სასურველია, გარკვეული კომპენსაცია შეზღუდვის პერიოდისთვის. რაც უფრო ფართოა პუნქტი, მით მეტია ალბათობა, რომ სასამართლო მას საერთოდ არარსებულად ჩათვლის.
კონკურენციის აკრძალვის პუნქტი საქართველოში ავტომატურად მოქმედი ინსტრუმენტი არ არის, ის მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ დაბალანსებულია დამსაქმებლის ინტერესსა და დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას შორის. ბლანკეტური, ზედმეტად ფართო ან უსასყიდლო შეზღუდვები ხშირად უბრალოდ არ გამოდგება სასამართლოში, რაც არაერთ დამსაქმებელს მოულოდნელობად ექცევა ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება ეს დაცვა. უფრო საიმედო სტრატეგია ორ ნაწილიანია: ვიწრო, პროპორციული და კომპენსირებადი კონკურენციის აკრძალვის პუნქტი კონკრეტული, მაღალი რისკის თანამშრომლებისთვის, პლუს ცალკე, მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონფიდენციალურობისა და კომერციული საიდუმლოების დაცვის მექანიზმი, რომელიც მუშაობს მაშინაც კი, როცა არაკონკურენციის პუნქტი ვერ უძლებს შემოწმებას.