დავუშვათ სიტუაცია, როცა თქვენი კრიპტოაქტივები წლების განმავლობაში ინახებოდა თბილისში რეგისტრირებულ ბირჟაზე, და ერთ დღეს გებულობთ, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ პლატფორმას რეგისტრაცია გაუუქმა. ანგარიში მიუწვდომელია, თანხის გამოტანაზე პასუხს არავინ სცემს, კომპანიის იურიდიულ მისამართზე კი ცარიელი ოფისია.

ეს სცენარი საქართველოში თეორიული. მოვლენა აღარაა, ქვეყანა კრიპტოინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი იურისდიქციაა რეგიონში, მსუბუქი საგადასახადო რეჟიმითა და შედარებით მარტივი სარეგისტრაციო პროცედურით. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა სულ უფრო ხშირად: თუ ბირჟამ საქმიანობის უფლება დაკარგა და მომხმარებლის აქტივები გაქრა, ვინ აგებს ამაზე პასუხს, და დარჩება თუ არა მომხმარებელს საერთოდ რაიმე რეალური ბერკეტი.

რეგისტრაცია vs ლიცენზია და რას ამოწმებს სებ - ი სინამდვილეში

პირველი დაზუსტება, რომელიც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ საქართველოში კრიპტობირჟები ტექნიკურად არ ფლობენ „ლიცენზიას" კლასიკური გაგებით, როგორც, მაგალითად, საბანკო სექტორის მოთამაშეები. კანონმდებლობა მათ მოიხსენიებს როგორც „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს", რომლებიც ექვემდებარებიან არა ლიცენზირებას, არამედ რეგისტრაციას ეროვნულ ბანკში, დადგენილი წესის საფუძველზე, რომელიც სებ-ის პრეზიდენტმა 2023 წლის ივნისში დაამტკიცა. „ლიცენზიის დაკარგვაზე" საუბრისას პრაქტიკულად სწორედ ამ რეგისტრაციის გაუქმებას გულისხმობენ.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, საერთოდ რისთვის შეიქმნა ეს რეჟიმი. მისი მთავარი დანიშნულება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციაა, FATF-ის სტანდარტების შესაბამისად. სებ - ი ამოწმებს პროვაიდერის ადმინისტრატორებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების საიმედოობას, შიდა კონტროლის სისტემებსა და ანგარიშვალდებულების მექანიზმებს. რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს სწორედ ამ მოთხოვნების დარღვევა: საეჭვო ტრანზაქციებზე არასათანადო კონტროლი, ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობა თუ ადმინისტრატორის შეუფერებლობა.

აქ იმალება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რეგისტრაცია რეგულირდება იმისთვის, რომ სისტემა არ გამოიყენონ დანაშაულებრივი შემოსავლების გასათეთრებლად, და არა იმისთვის, რომ დაცული იყოს მომხმარებლის აქტივები გადახდისუუნარობის ან უკანონო მითვისების შემთხვევაში. სებ-ის რეესტრში ყოფნა მომხმარებელს არავითარ გარანტიას არ აძლევს, რომ მისი აქტივები უსაფრთხოდაა შენახული, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ კომპანია AML/CFT მოთხოვნებს პასუხობს.

რატომ არ მუშაობს დეპოზიტების დაზღვევის ლოგიკა კრიპტოზე

ხშირად მომხმარებლები კრიპტოაქტივებს ინტუიციურად საბანკო ანაბართან აიგივებენ და ვარაუდობენ, რომ მსგავსი დაცვის მექანიზმი აქაც არსებობს. სინამდვილეში ეს ასე არაა. საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფიზიკური პირის საბანკო ანაბარს 50 000 ლარამდე იცავს კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ლიკვიდაციისას, მაგრამ ეს სისტემა ვრცელდება მხოლოდ ლიცენზირებულ ბანკებზე და მიკრობანკებზე და კრიპტოაქტივებთან არავითარი კავშირი არა აქვს. თუ ბირჟა გაკოტრდება ან საქმიანობას შეწყვეტს, მომხმარებელს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი უბრალოდ არ გააჩნია.

რეგისტრაციის გაუქმებამ თავისთავად არ ათავისუფლებს კომპანიას მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისგან. ბირჟასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა უმეტესად სახელშეკრულებო ხასიათისაა: მომხმარებელი აქტივს გადასცემს პლატფორმას შენახვის ან/და მართვის მიზნით, მომსახურების პირობების საფუძველზე. თუ კომპანია ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს და მომხმარებელს კუთვნილ აქტივს ვერ უბრუნებს, ეს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევაა და საფუძველს იძლევა სამოქალაქო სამართლის წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისთვის. პრობლემა კი იმაშია, რომ ამ მოთხოვნის რეალურად აღსრულება დამოკიდებულია იმაზე, კომპანიას საერთოდ რჩება თუ არა რაიმე აქტივი, საიდანაც შესაძლებელი იქნება დაკმაყოფილება, მოგებული სასამართლო საქმეც კი ხშირად მხოლოდ ქაღალდზე რჩება.

თუ კომპანია ვალდებულებებს ვერ ასრულებს, მოქმედებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ" კანონი, საქართველოს გადახდისუუნარობის თანამედროვე რეჟიმი. აქ გადამწყვეტია ერთი საკითხი: მომხმარებელთა აქტივები კომპანიის საკუთარი ბალანსიდან გამიჯნულადაა შენახული, თუ საერთო ფონდში შერეული. თუ ბირჟას მომხმარებელთა კრიპტოაქტივები ცალკე საფულეებში, საკუთარი კაპიტალისგან მკაფიოდ გამიჯნული ჰქონდა და ამის დამტკიცება შესაძლებელია, არსებობს არგუმენტი, რომ ეს აქტივები საერთოდ არ შედის კომპანიის გაკოტრების მასაში და მომხმარებელს დაბრუნების პრიორიტეტული უფლება აქვს ჩვეულებრივ კრედიტორებთან შედარებით. მაგრამ თუ აქტივები შერეული იყო, რაც კრიპტობირჟებში, სამწუხაროდ, უფრო ხშირია, ვიდრე გამონაკლისი - მომხმარებელი კარგავს ამ პრივილეგირებულ სტატუსს და ერთვება რიგით კრედიტორთა სიაში, სადაც კონკურენციაშია სახელმწიფოსთან, ბანკებთან და სხვა კრედიტორებთან. პრაქტიკაში ეს ხშირად ნიშნავს, რომ დასაბრუნებელი თანხა მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს.

სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა - სახელშეკრულებო საფუძველი

დამატებით პრობლემას ისიც ქმნის, რომ ციფრული ტოკენების და მათი მფლობელობის სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოში ჯერაც არ არის სპეციალურად მოწესრიგებული. კანონმდებლობაში არ არსებობს მკაფიო ნორმა, კრიპტოაქტივი მომხმარებლის საკუთრებაა, თუ მხოლოდ პლატფორმის მიმართ სახელშეკრულებო მოთხოვნის უფლება, და ეს გაურკვევლობა პირდაპირ აისახება იმაზე, როგორ დაკვალიფიცირდება მომხმარებლის მოთხოვნა გაკოტრების პროცესში.

თუ ირკვევა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ მომხმარებელთა აქტივები შეგნებულად გამოიყენა საკუთარი ვალდებულებების დასაფარად, ან პლატფორმა თავიდანვე ისეთი სქემით მოქმედებდა, რომელიც მომხმარებელთა თანხების ამოღებას გამორიცხავდა, საუბარი აღარ იფარგლება მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობით, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია დაყენდეს გაფლანგვის ან თაღლითობის ნიშნების საკითხი. თუმცა ეს გზა გაცილებით მეტ დროსა და მტკიცებულებით ბაზას მოითხოვს, ვიდრე უბრალო სამოქალაქო სარჩელი, და მომხმარებლისთვის თანხის სწრაფი დაბრუნების გარანტიას ისედაც არ იძლევა.

ვინაიდან სახელმწიფო გარანტია არ არსებობს, მთელი ტვირთი პრაქტიკულად ინდივიდუალურ სამართლებრივ დაცვაზე გადადის. მომხმარებელს პირველ რიგში მართებს პრეტენზიის დაუყოვნებელი დაფიქსირება: წერილობითი მოთხოვნით, ანგარიშის ისტორიისა და ტრანზაქციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შენარჩუნებით. თუ კომპანია არ რეაგირებს, საკითხის სასამართლო წესით გადაწყვეტამდე მიღწევა თითქმის გარდაუვალია, მით უფრო, თუ პარალელურად უკვე მიმდინარეობს გადახდისუუნარობის პროცესი, სადაც მოთხოვნის დროულად დაფიქსირება კრედიტორთა რიგში ერთადერთი გზაა, საერთოდ ჰქონდეს შანსი რაიმეს დაბრუნებაზე.

რა შეუძლია მომხმარებელს, რომ პრაქტიკაში გააკეთოს

საბოლოო ჯამში, საქართველოში კრიპტობირჟის რეგისტრაციის გაუქმება მომხმარებლისთვის ავტომატურად არ ნიშნავს კომპენსაციის მიღების გარანტირებულ უფლებას, თუმცა ეს არც იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებელი პირი საერთოდ არ არსებობს. პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს თავად კომპანიას სახელშეკრულებო საფუძვლით, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში მის ხელმძღვანელობასაც პირადად, თუ დადგინდება ბოროტად გამოყენების ფაქტი, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა რეალურად ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, თუ მომხმარებელი დროულად და სწორად იმოქმედებს და თუ საერთოდ რჩება რაიმე აქტივი, საიდანაც შესაძლებელი იქნება დაკმაყოფილება. არსებული სისტემის ყველაზე მკაფიო ხარვეზი ისაა, რომ სებ-ის რეგისტრაცია მომხმარებელთა აქტივების დაცვას საერთოდ არ ისახავს მიზნად, ის მხოლოდ AML/CFT სტანდარტების დაცვას აკონტროლებს. სანამ ქვეყანაში არ გაჩნდება სპეციალური ჩარჩო მომხმარებელთა აქტივების სავალდებულო გამიჯვნისა და დაცვის თაობაზე, კრიპტობირჟაზე თანხის განთავსება რჩება რისკი, რომელსაც ბანკის დეპოზიტისგან განსხვავებით არავითარი სახელმწიფო ბადე არ აქვს.