დაგვიანებული დეკლარაცია, არასწორად შერჩეული სასაქონლო კოდი, უზუსტობა თანმხლებ დოკუმენტში - ეს ხშირად უბრალო ტექნიკურ შეცდომად ითვლება. სინამდვილეში კი საქართველოში საბაჟო წესების დარღვევას ორი სულ სხვადასხვა შედეგი მოჰყვება: ერთი შემთხვევაში ფულადი ჯარიმა, მეორეში კი სისხლის სამართლის საქმე. სად გადის ზღვარი და ვინ აგებს პასუხს, კომპანია თუ კონკრეტული ადამიანი - ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის გარეშე ბიზნესი რისკავს.

ადმინისტრაციული სანქციები საგადასახადო კოდექსის მიხედვით

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლი საბაჟო სამართალდარღვევათა ცენტრალური ნორმაა. სამ ტიპურ დარღვევას მოიცავს.

დაგვიანებული დეკლარირებისთვის, თუ პირი დაარღვევს საქონლის წარდგენის, ზოგადი დეკლარირების ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადას, ჯარიმა ყოველ დაგვიანებულ დღეზე 50 ლარს შეადგენს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. მცირე ჯარიმაა, მაგრამ რეგულარულ იმპორტიორთან თითოეული დაგვიანება ცალკე ითვლება.

არასწორი მონაცემები დეკლარაციაში. თუ სასაქონლო დეკლარაციაში ან თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემის გამო შემცირდა გადასახდელი იმპორტის/ექსპორტის გადასახადი, დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს დაეკისრება ჯარიმა შემცირებული თანხის 100%-ის ოდენობით, მინიმუმ 1000 ლარი. განმეორებით დარღვევაზე განაკვეთი 200%-მდე იზრდება, მინიმუმ 2000 ლარით.

დაუდეკლარირებელი საქონელი. როცა საბაჟო კონტროლისას აღმოჩნდება საერთოდ არადეკლარირებული საქონელი, კანონი ითვალისწინებს ჯარიმას ამ საქონლის სრული საბაჟო ღირებულების ოდენობით, ეს ნიშნავს, რომ კომპანია პრაქტიკულად კარგავს იმპორტირებული საქონლის ღირებულების ტოლ თანხას. სასამართლო პრაქტიკაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ნორმაა: მაგალითად, სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხელჩანთის დასკანერებისას აღმოჩენილი, დაუდეკლარირებელი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებისთვის მგზავრი დაჯარიმდა საქონლის სრული საბაჟო ღირებულებით.

ცალკე აღსანიშნავია, რომ საბაჟო სანქციაზეც ვრცელდება საერთო ხანდაზმულობის წესი, რაც 3 წელია დარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან.

როდის ჩაითვლება საბაჟო დარღვევა კონტრაბანდად

ადმინისტრაციული ჯარიმა და სისხლის სამართლის დანაშაული ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავდება. სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლი „საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა" მოქმედებას იწყებს მაშინ, როცა საქონელი დიდი ოდენობით გადაინაცვლებს საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, ან საბაჟო დეკლარაციაში ცრუ მონაცემების შეტანით.

კანონი ორ ზღვარს იცნობს: დიდი ოდენობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობა, ზღვარი ღირებულებით დგინდება. 15 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონელი უკვე „დიდ ოდენობად" ითვლება, სასჯელი ჯარიმა ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. 25 000 ლარზე მეტ ღირებულებაზე, სასჯელი 5-დან 7 წლამდეა. ცალკე, კიდევ უფრო მკაცრი წესები მოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის საგნების, ძვირფასი ლითონის ნაკეთობებისა და საშიში ნივთიერებების მიმართ, ხოლო არაერთგზისობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების, ჯგუფურობის ან ორგანიზებული ჯგუფის შემთხვევაში სასჯელი 8-დან 15 წლამდეც კი შეიძლება მიაღწიოს.

კომპანია თუ ადამიანი

აქ საინტერესო ნიუანსია. ჯარიმას იმპორტიორი კომპანია იხდის, ეს ცალსახაა. სისხლის სამართლის მხრივ კი საქართველოს კანონმდებლობა იურიდიული პირის პასუხისმგებლობას ცალკე პრინციპზე აგებს: სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი განისაზღვრება კოდექსის შესაბამისი ნორმებით, ეს ნიშნავს, რომ იურიდიული პირი დანაშაულზე პასუხს მხოლოდ მაშინ აგებს, თუ ეს კონკრეტულ მუხლშივეა მითითებული. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლი იურიდიული პირის პასუხისმგებლობაზე არ მიუთითებს, შესაბამისად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას პირადად აგებს კონკრეტული ფიზიკური პირი - დირექტორი, დეკლარანტი ან სხვა პასუხისმგებელი თანამშრომელი, რომელმაც იურიდიული პირის სახელით ან მის სასარგებლოდ შეასრულა უკანონო ქმედება. ხოლო კომპანიას ფინანსური სანქცია რჩება.

დასკვნა

საბაჟო რეგულირება ტექნიკური სფეროა, სადაც ერთი არასწორი გრაფა თანხობრივ ჯარიმად, ხოლო განზრახი დამალვა თავისუფლების აღკვეთის საფუძვლად შეიძლება იქცეს. ორი განხრა, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ცალ-ცალკე მუშაობს და ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს: რამდენად შემთხვევითია დარღვევა, რა ღირებულების საქონელზეა საუბარი და ვინ კონკრეტულად აგებს პასუხს. დეკლარირების პროცესის სისწორეზე ზრუნვა ბევრად იაფი გამოსავალია, ვიდრე ჯარიმის ან საქმის შემდეგ ბრძოლა.