სიტუაცია, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში წლებია ცხოვრობს, ბიზნესი აქვს გახსნილი, და ერთ დღეს ისეთ სამართალდარღვევაში ხვდება, რაც სასჯელის სახით გაძევებას ითვალისწინებს. კლიენტს აინტერესებს სასჯელის მოხდის შემდეგ ავტომატურად წავა, თუ საქართველოში დარჩენა შესაძლებელია. პასუხი კანონში იმაზე კომპლექსურია, ვიდრე ერთი წინადადებით ჩანს - გაძევება არც ავტომატურია და არც აბსოლუტური.
სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ცალკე სასჯელის სახეობა, რაც მოიაზრებს უცხოელის საქართველოდან გაძევებას და საქართველოში შემოსვლის აკრძალვას. მანამდე მსგავსი ღონისძიება არსებობდა ადმინისტრაციული წესით, ახლა კი ეს პირდაპირ სისხლის სამართლის სასჯელთა სისტემის ნაწილია, რაც ნიშნავს, რომ საკითხს წყვეტს არა მიგრაციული ორგანო, არამედ სასამართლო თავის განაჩენში.
კანონი ამ სასჯელის მიზნებისთვის უცხოელად მოიაზრებს ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მათ შორის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსაც. ვადა დანაშაულის სიმძიმეზეა დამოკიდებული, მაგალითად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ორიდან ათ წლამდე, ხოლო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ხუთიდან ოც წლამდე, ან სულაც უვადოდ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ავტომატურად არ ინიშნება ყოველ საქმეზე, სასამართლომ უნდა დაასკვნას, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და თავად დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, მისი საქართველოში დარჩენა მიზანშეწონილი აღარ არის. ეს ფორმულირება სასამართლოს რეალურ დისკრეციას უტოვებს, შესაბამისად გაძევება არ არის ავტომატური დანამატი ვადიან პატიმრობაზე.
აქ, ამ სიტუაციაში იწყება კანონის ყველაზე პრაქტიკული ნაწილი: შემთხვევები, როცა გაძევება საერთოდ არ გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ იგი შეიძლება უკვე დანიშნა კიდეც. კანონი პირდაპირ კრძალავს პირის იმ ქვეყანაში გაძევებას, სადაც მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისთვის, ან ისეთი ქმედებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით საერთოდ არ ითვლება დანაშაულად. იგივე ეხება ადამიანის უფლებათა დამცველებს, მშვიდობის დამცველ პირებს და პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, თუ სწორედ ამის გამო ემუქრებათ დევნა დანიშნულების ქვეყანაში. მესამე გამონაკლისი შედარებით ინტუიციურია: თუ გაძევებისას პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, გაძევება არ აღსრულდება. მეოთხე, ალბათ ყველაზე ხშირად გამოსაყენებელი საფუძველი, ეხება წამების ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკს, რაც პირდაპირ უკავშირდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ" კანონს.
ამ საფუძვლების არსებობის შემოწმება თავისით არ ხდება, ამისთვის საჭიროა პროკურორის ან გამომძიებლის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომელსაც 30 დღე აქვს დასკვნის გასაცემად. საინტერესო გამონაკლისია საპროცესო შეთანხმების შემთხვევა: თუ მხარეები უკვე შეთანხმდნენ, რომ სასჯელის ნაწილი გაძევება იქნება, ეს დასკვნა საერთოდ არ არის საჭირო. პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ დაცვის მხარემ თავად ბრალდებულთან ერთად წინასწარვე უნდა აწონ-დაწონოს, რეალურად უსაფრთხოა თუ არა კონკრეტული ქვეყანა დაბრუნებისთვის, სანამ შეთანხმებას ხელს მოაწერს.
აღსრულების დროც განსხვავებულია სასჯელის სახეობის მიხედვით - თუ უცხოელი პატიმრობას იხდის, გაძევება ხდება პატიმრობის დასრულებისთანავე; არასაპატიმრო სასჯელის შემთხვევაში - სასჯელის მოხდამდე; პირობითი მსჯავრის დროს კი გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. ცალკე რეგულირებაა ექსტრადიციასთან კონკურენციისთვის: თუ პირის მიმართ ექსტრადიციის პროცედურა მიმდინარეობს, გაძევება არ აღსრულდება, გარდა იმ ვიწრო შემთხვევისა, როცა სწორედ ის სახელმწიფო ითხოვს ექსტრადიციას, რომელშიც გაძევებაც იგეგმება.
ეს ნორმა კარგად აჩვენებს, რომ თანამედროვე სისხლის სამართალი უცხოელის გაძევებას აღარ განიხილავს როგორც ავტომატურ, ტექნიკურ შედეგს: ის მოითხოვს ინდივიდუალურ შეფასებას როგორც სასჯელის დანიშვნის, ისე მისი აღსრულების ეტაპზე. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ დაცვის სტრატეგია არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სისხლის სამართლის მხარით, თუ არსებობს რეალური რისკი კლიენტის წარმოშობის ქვეყანაში დევნის ან არასათანადო მოპყრობის შესახებ, ეს არგუმენტი პროცესის დასაწყისშივე უნდა დაფიქსირდეს და დოკუმენტურად გამყარდეს. სწორედ ეს არის ის საფუძველი, რომელმაც შეიძლება რეალურად შეაჩეროს გაძევების აღსრულება მაშინაც კი, როცა სასჯელი უკვე დანიშნულია.