წარმოიდგინეთ, გინდათ საკუთარი კაფეს ან სილამაზის სალონის ქსელი გახსნათ, მაგრამ არა ერთი ობიექტი, არამედ რამდენიმე ქალაქში, სხვისი ხელით და სხვისი კაპიტალით. ან, პირიქით, გინდათ დაიწყოთ ბიზნესი უკვე ცნობილი სახელით, ისე, რომ ბაზარზე ნდობის მოსაპოვებლად წლები აღარ დაგჭირდეთ.
ეს ფრენჩაიზინგია და საქართველოში ის სულაც არ არის უცხო მოვლენა - 1997 წლის სამოქალაქო კოდექსშივე გვხვდება, რაც იმ დროისთვის საკმაოდ იშვიათი გამონაკლისი იყო რეგიონში (გერმანულ და ავსტრიულ სამოქალაქო კოდექსებში, მაგალითად, ფრენჩაიზინგი დღემდე ცალკე მოწესრიგებული არ არის, და მას სასამართლო პრაქტიკა და ზოგადი კონტრაქტული პრინციპები არეგულირებს).
პრობლემაa, რომ ბევრი ბიზნესი ამ ხელშეკრულებას დღემდე ისე უყურებს, თითქოს ეს უბრალო სავაჭრო ნიშნის ლიცენზია ან იჯარაა, რაც არასწორია. ფრენჩაიზინგი მთელი მოდელის გადაცემაა: ბრენდი, ნიმუშები, შეფუთვა, საქმის კეთების წესი, ნოუ-ჰაუ და სწორედ ამის გამო მოითხოვს ცალკე, საკმაოდ დეტალურ სამართლებრივ მოწესრიგებას.
რას გულისხმობს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 607-ე მუხლის მიხედვით, ფრენშაიზინგის ხელშეკრულება არის „გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას."
აღსანიშნია, რომ ქართული კანონმდებლობა ტერმინებს „ფრენშაიზორი" და „ფრენშაიზი" საერთოდ არ იცნობს, მხარეები კოდექსში მოხსენიებულები არიან, როგორც „ფრენშაიზის მიმცემი" და „ფრენშაიზის მიმღები".
სამართლებრივად, ფრენჩაიზინგი მიჩნეულია „შერეული ტიპის" ხელშეკრულებად — ანუ ისეთ ხელშეკრულებად, რომელიც აერთიანებს კანონით ცალკე გათვალისწინებული რამდენიმე ხელშეკრულების ელემენტებს (მაგალითად, იჯარის, ლიცენზიისა და მომსახურების ხელშეკრულების ნიშნებს), მაგრამ ინარჩუნებს საკუთარ, დამოუკიდებელ შინაარსსა და მიზანს. ასეთი შერეული ხელშეკრულებების განმარტებისთვის კანონი ცალკე წესს აწესებს (340-ე მუხლი): მხედველობაში მიიღება იმ ხელშეკრულებათა ნორმები, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან. ამ კვალიფიკაციას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს: დავის შემთხვევაში, სასამართლო ცალკეულ პირობებზე შეიძლება იძულებული გახდეს, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების ნორმები ანალოგიით გამოიყენოს.
მხარეთა ვალდებულებები
ფრენშაიზის მიმცემი, 608-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულია მიმღებს გადასცეს:
- არამატერიალური ქონებრივი უფლებები — მათ შორის სავაჭრო/სასაქონლო ნიშნები, ნიმუშები, შეფუთვა;
- საქონლის წარმოების, შეძენის, გასაღებისა და საქმიანობის ორგანიზაციის კონცეფცია;
- ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გასაღების ხელშესაწყობად.
ამასთან, მიმცემი ვალდებულია, განუწყვეტლივ განავითაროს მოქმედების ერთიანი სისტემა და გაუზიაროს მიმღებს საქმიანი გამოცდილება.
ფრენშაიზის მიმღები, 609-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულია:
- გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური - ფრენჩაიზინგი კანონის მიხედვით ყოველთვის სასყიდლიანი ხელშეკრულებაა;
- კეთილსინდისიერი მეწარმის გულისხმიერებით აქტიურად განახორციელოს საქმიანობა;
- მომსახურება მიიღოს და საქონელი შეიძინოს მიმცემის ან მის მიერ დასახელებულ პირთა მეშვეობით, თუკი ეს უშუალო კავშირშია ხელშეკრულების მიზანთან.
ცალკე აღსანიშნავია 610-ე მუხლი, რომელიც განდობილი ინფორმაციის დაცვას აწესრიგებს და, მნიშვნელოვანია, ეს ორმხრივი ვალდებულებაა, არა მხოლოდ მიმღების: ხელშეკრულების დადებამდე მხარეებმა კეთილსინდისიერად უნდა გაუზიარონ ერთმანეთს ფრენშაიზინგთან დაკავშირებული გარემოებები, და ორივე ვალდებულია არ გაამჟღავნოს განდობილი ინფორმაცია მაშინაც კი, თუ ხელშეკრულება საბოლოოდ არ დაიდება. ეს უკანასკნელი დეტალი პრაქტიკულად ნიშნავს, რომ კონფიდენციალურობის რისკი წარმოიშობა მოლაპარაკებების ეტაპზევე, ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე.
ფორმისა და აუცილებელი პირობების მოთხოვნა
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, და პრაქტიკაში ყველაზე ხშირად უგულებელყოფილი ნორმაა 611-ე მუხლი: ფრენშაიზინგის ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, და მასში ზედმიწევნით უნდა იყოს გაწერილი:
- მხარეთა ორმხრივი ვალდებულებები;
- ხელშეკრულების ხანგრძლივობა;
- ხელშეკრულების მოშლის ან ვადის გაგრძელების წესი.
- ფრენშაიზინგის სისტემის სრულყოფილი აღწერა.
ეს ბოლო მოთხოვნა ხშირად სწორედ ის პუნქტია, რასაც ხელშეკრულების მოსამზადებლები ივიწყებენ კანონი არ კმაყოფილდება ზოგადი მითითებით ბრენდზე ან სისტემაზე, არამედ თავად სისტემის დეტალურ, წერილობით აღწერას მოითხოვს ხელშეკრულების ტექსტში. წერილობითი ფორმის დაუცველობა, ან ჩამოთვლილი პირობების არარსებობა ხელშეკრულებაში, დავის შემთხვევაში სერიოზულ სამართლებრივ საფრთხეს ქმნის, მხარეს შეიძლება რეალურად გაუჭირდეს საკუთარი უფლების დამტკიცება სასამართლოში, თუ ეს პირობები წინასწარ ცალსახად არ არის განსაზღვრული.
ინტელექტუალური საკუთრება - ფრენჩაიზინგის ფუნდამენტი
ვინაიდან ფრენჩაიზინგის საფუძველი სავაჭრო ნიშანია, ეს ურთიერთობა პირდაპირ უკავშირდება „სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონს. ამ კანონის მიხედვით, სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციასა და დაცვაზე პასუხისმგებელია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი".
პრობლემა ხშირად სწორედ აქ იჩენს თავს: უცხოური ბრენდის ფრენშაიზის მიმცემს შესაძლოა საქართველოში საერთოდ არ ჰქონდეს ნიშანი დარეგისტრირებული, ან რეგისტრაცია ვადაგასული/სადავო იყოს. კანონი ერთ გამონაკლისს იცნობს - საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი დაცულია რეგისტრაციის გარეშეც, თუმცა ამ სტატუსის დამტკიცება პრაქტიკაში რთული და დავის საგანია. ამიტომ, გამონაკლისის გარეშე, ფრენშაიზის მიმღები რეალურად იყენებს ნიშანს, რომელზეც არც ერთ მხარეს არ აქვს ცალსახად დაცული უფლება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ხელშეკრულების მთელ ეკონომიკურ საფუძველს საეჭვოს ხდის.
პრაქტიკული რისკები
- ტერიტორიული ექსკლუზივობა. პირობა, მაგალითად „მხოლოდ ერთი ფრენშაიზი თბილისში", იურიდიულად უსარგებლოა, თუ ის ხელშეკრულებაში ზუსტად და კონკრეტულად (გეოგრაფიული საზღვრებით, ვადით, გამონაკლისებით) არ არის ჩამოყალიბებული.
- სისტემის კონტროლი vs. დამოუკიდებლობა. ვინაიდან მხარეები, კანონის ტექსტის მიხედვითვე, „დამოუკიდებელი საწარმოებია", მიმცემის მიერ მიმღების საქმიანობაზე გადამეტებული კონტროლი შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში კონკურენციის სამართლის ან შრომითი ურთიერთობის კვალიფიკაციის საკითხებთანაც შეეჯახოს.
- შერეული ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე ბუნდოვანება. თუ ხელშეკრულება ბუნდოვანია კონკრეტულ საკითხზე (მაგალითად, ვის ეკუთვნის კლიენტთა ბაზა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ), სასამართლო იძულებულია, ეს ხარვეზი ანალოგიით შეავსოს რაც წინასწარი განჭვრეტადობის დაბალ ხარისხს ნიშნავს.ხ
- ხანგრძლივობისა და შეწყვეტის ავტომატური რეჟიმი.
612-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ვადა 10 წელს აღემატება, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მისი მოშლა ერთწლიანი გაფრთხილებით. თუ არც ერთმა მხარემ არ გამოიყენა ეს უფლება, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება კიდევ ორი წლით. ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიან ხელშეკრულებებში მხარეებმა წინასწარ ნათლად უნდა განსაზღვრონ საკუთარი პოზიცია ვადის გასვლისას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება „ავტომატურად" გაგრძელდება კანონისმიერი წესით.
დაბეგვრა
ფრენჩაიზინგის საზღაური (franchise fee, royalty) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით განიხილება, როგორც არამატერიალური ქონებრივი უფლების გამოყენებისთვის გადახდილი თანხა და შესაბამისად იბეგრება:
- მოგების გადასახადით - თუ ფრენშაიზის მიმცემი საქართველოს რეზიდენტი საწარმოა, საზღაური მისი ერთობლივი შემოსავლის ნაწილია და იბეგრება ზოგადი წესით (ესტონური მოდელით, განაწილებულ მოგებაზე, მაქსიმუმ 15%-იანი განაკვეთით);
- წყაროსთან დაკავებული გადასახადით - თუ ფრენშაიზის მიმცემი არარეზიდენტია, საგადასახადო კოდექსის 132-ე და 134-ე მუხლების მიხედვით, საქართველოში წყაროდან მიღებული როიალტი იბეგრება წყაროსთან დაკავებით 5%-იანი განაკვეთით, გარდა შემთხვევებისა, როცა საქართველოსა და შესაბამის ქვეყანას შორის მოქმედი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება უფრო დაბალ განაკვეთს ან განსხვავებულ წესს ითვალისწინებს (125-ე მუხლი);
- დღგ-ით - ვინაიდან ფრენჩაიზინგის მომსახურება საქართველოში დღგ-ის მიზნებისთვის მომსახურების მიწოდებად განიხილება.
დასკვნა
ფრენჩაიზინგი საქართველოში სამართლებრივად აღიარებული და საკმაოდ დეტალურად მოწესრიგებული ინსტიტუტია, თუმცა კანონი მხოლოდ ჩარჩოს ადგენს, ხოლო კონკრეტული ურთიერთობის დეტალები მთლიანად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული.
სწორედ ამიტომ, ფრენჩაიზინგის ხელშეკრულების შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება მართებულია დაეთმოს: წერილობითი ფორმისა და 611-ე მუხლით მოთხოვნილი აუცილებელი პირობების დაცვას, მხარეთა ვალდებულებების ზუსტ ჩამონათვალს, სავაჭრო ნიშნის საქართველოში რეგისტრაციის დადასტურებას საქპატენტში, ტერიტორიული ექსკლუზივობისა და შეწყვეტის წესის ცალსახად განსაზღვრას, და საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის, არარეზიდენტი მიმცემისთვის წყაროსთან დაკავების) წინასწარ გათვლას.
ბიზნესი, რომელიც ცდილობს ფრენჩაიზინგის ურთიერთობის ზოგადი, არასპეციფიკური ხელშეკრულებით მოწესრიგებას, სერიოზული რისკის წინაშე დგას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დავამდე მიდის.