პარტნიორმა ვალი არ დაგიბრუნათ. მომწოდებელმა საქონელი არ ჩამოგზავნა. ინვესტორმა დაპირებული თანხა კომპანიაში არ ჩადო. თქვენთვის ეს ხელშეკრულების დარღვევაა და გინდათ, სამოქალაქო წესით აღიდგინოთ უფლება.

მაგრამ საქართველოში ხშირად ერთი და იგივე ამბავი ორნაირად შეიძლება წავიდეს სამოქალაქო დავად, ან სისხლის სამართლის საქმედ. და ის, თუ რომელი გზით წავა, ხშირად არც თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული და არც დოკუმენტების სისქეზე, გადამწყვეტი ერთი რამაა: რას აპირებდა მეორე მხარე გარიგების დადებისას.

ეს არაა მხოლოდ თეორიული განსხვავება. არასწორმა შეფასებამ შეიძლება ჩვეულებრივი პარტნიორული უთანხმოება პროკურატურაში მიიყვანოს, ან პირიქით, ნამდვილი თაღლითობა წლობით დარჩეს „უბრალო სამოქალაქო დავად" გაფორმებული, სანამ ზიანი აუნაზღაურებელი რჩება.

სად გადის ზღვარი ხელშეკრულების დარღვევასა და თაღლითობას შორის

სამოქალაქო კოდექსით ხელშეკრულების შეუსრულებლობა თავისთავად სამოქალაქო საკითხია - მხარეს უჩნდება ზიანის ანაზღაურების ან იძულებითი შესრულების მოთხოვნის უფლება. ეს ეხება იმ შემთხვევებს, როცა მხარე ხელშეკრულების დადებისას გულწრფელად აპირებდა ვალდებულების შესრულებას, უბრალოდ შემდეგ რაღაც არ დაეწყო — ბიზნესი გაუარესდა, ფული აღარ ჰქონდა, ბაზარი შეიცვალა.

სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი კი თაღლითობას განსაზღვრავს როგორც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მისაკუთრებას. და აქ სიტყვა „მოტყუება" გადამწყვეტია. მოტყუება შეიძლება იყოს აქტიური, მხარემ წინასწარ იცოდა, რომ ტყუილს ამბობდა, და შეგნებულად შეიყვანა თქვენ შეცდომაში. ან პასიური: მან დაფარა ისეთი ფაქტი, რომლის გამხელაც ვალდებული იყო.

პრაქტიკაში თუ პირს ხელშეკრულების დადებისას საერთოდ არ ჰქონდა და არც შეეძლო ჰქონოდა ვალდებულების შესრულების რეალური გეგმა, მაგრამ ამის დამალვით მაინც აიღო თქვენგან ფული, ეს თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. თუ კი ჰქონდა გულწრფელი განზრახვა, თუნდაც შემდეგ ვერ შეასრულა, რჩება სამოქალაქო დავად, თუნდაც თანხა დიდი იყოს.

როცა საქმეში ჯგუფი ან თანამდებობა ერევა

180-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილები სასჯელს ამძიმებს, თუ თაღლითობა ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მნიშვნელოვანი ზიანით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან დიდი ოდენობით. ბიზნესში ეს ხშირად სწორედ მაშინ ჩნდება, როცა საქმეში კომპანიის ხელმძღვანელობაა ჩართული ან რამდენიმე პარტნიორი ერთად მოქმედებდა.

ცალკე დგას 182-ე მუხლი ეხება მითვისება ან გაფლანგვას, რომელსაც ხშირად ურევენ თაღლითობასთან, თუმცა განსხვავება შემდეგია თაღლითობისას ქონებას მოტყუებით გამოგძალავენ. მითვისება-გაფლანგვისას კი ქონება უკვე მართლზომიერად იმყოფება იმ ადამიანის ხელში, ვინც შემდეგ მას მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებს ან ხარჯავს, მაგალითად, დირექტორი, რომელსაც კომპანიის ფული ჰქონდა გადაცემული განკარგვისთვის და ის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. კორპორატიულ დავებში ეს მუხლი სწორედ ასეთ სიტუაციებში ერთვება.

რატომ ღირს ამაზე დაფიქრება საქმის გაგრძელებამდე?

ორივე მიმართულებით შეცდომის დაშვება ძვირი ჯდება. ერთი მხრივ, ბიზნეს პარტნიორები ხანდახან ცდილობენ ჩვეულებრივ კომერციულ წარუმატებლობას დანაშაულის იერი მისცენ, უბრალოდ იმისთვის, რომ მეორე მხარეზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი მოიპოვონ. ასეთ დროს საგამოძიებო ორგანომ უნდა გაარკვიოს, მოტყუება მართლა იყო თუ უბრალოდ რისკი არ გამართლდა.

მეორე მხრივ, ხდება პირიქითაც: ცალსახად დაგეგმილი თაღლითობა წლობით რჩება მხოლოდ სამოქალაქო სარჩელის დონეზე, რადგან დაზარალებულს დროულად არ შეუფასებია რომ საქმეს სისხლისსამართლებრივი მხარეც აქვს. ეს კი ართმევს მას ისეთ ბერკეტებს, როგორიცაა აღკვეთის ღონისძიება ან ქონებაზე ყადაღა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

დასკვნა

კომერციული დავა და დანაშაული ხშირად ერთი და იმავე ფაქტიდან იზრდება, მაგრამ მათი შედეგები არაფრით ჰგავს ერთმანეთს, ერთ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება, მეორეში პასუხისმგებლობაა სახეზე, რომელიც თავისუფლების აღკვეთამდეც კი მიდის.

ზღვარი მათ შორის არც თანხის ოდენობით განისაზღვრება და არც ხელშეკრულების ტექსტით, მხოლოდ იმით, თუ რას აპირებდა და რას იცოდა მხარე გარიგების დადების მომენტში.

ამიტომ, თუ ეჭვი გეპარებათ, პარტნიორის მხრიდან უბრალო წარუმატებლობასთან გაქვთ საქმე თუ განზრახ მოტყუებასთან ან პირიქით, თუ თავად გადგებით ბრალდების პირისპირ, ღირს ფაქტების იურისტთან ერთად გარჩევა, სანამ საქმე საგამოძიებო ორგანომდე ან სასამართლომდე მივა. ხშირად სწორედ ეს ადრეული შეფასება წყვეტს, როგორ წარიმართება საქმე.