ბრენდი უხდის ინფლუენსერს პროდუქტის რეკლამირებისთვის, ხოლო ინფლუენსერი პოსტს არ აქვეყნებს, აქვეყნებს დაგვიანებით, ან იმაზე განსხვავებულად ვიდრე შეთანხმდნენ, ან პირიქით: კონტენტი უკვე ავრცელდა, ათასობით ნახვა შეაგროვა, ბრენდი კი ფულს არ იხდის. ორივე შემთხვევა საკმაოდ ხშირია და ორივე შემთხვევისუკან ერთი პრობლემა დგას თანამშრომლობა ან საერთოდ არ ჰქონდათ დაფიქსირებული წერილობით, ან დაფიქსირებული იყო ორიოდე წინადადებით მესიჯებში.

სპეციალური კანონი, რომელიც პირდაპირ ინფლუენსერულ კონტრაქტებს დაარეგულირებდა, საქართველოში არ გვაქვს. ეს დავები ჩვეულებრივი სახელშეკრულებო სამართლისა და რეკლამის შესახებ კანონმდებლობის ფარგლებში წყდება.

ანალიზი

ინფლუენსერსა და ბრენდს შორის შეთანხმება, არსით, მომსახურების ხელშეკრულებაა: ერთი მხარე თანხმდება გააკეთოს კონკრეტული სამუშაო, მაგალითად, პოსტი, სთორი, ვიდეორგოლი, მეორე კი თანხმდება რომ გადაუხადოს თანხა. სამოქალაქო კოდექსი ამ ურთიერთობას ზოგადი წესებით არეგულირებს, მიუხედავად იმისა, ხელშეკრულებას ხელი აქვს მოწერილი თუ მხარეები მხოლოდ ჩატში შეთანხმდნენ. წერილობითი ფორმის არარსებობა არავის ათავისუფლებს ვალდებულებისგან, სასამართლოში მტკიცებულებად მიმოწერაც მიიღება და გადახდის ქვითარიც.

იურიდიულ პრაქტიკაში დავები ერთი და იმავე საკითხზე იბადება: კონტენტი არ გამოქვეყნდა ან გვიან გამოქვეყნდა; გამოქვეყნდა, მაგრამ ტექნიკურ დავალებას არ ემთხვევა, არასწორი ტეგი, არასწორი მესიჯი, საერთოდ სხვა პლატფორმა; ბრენდმა არ გადაიხადა შეთანხმებული ჰონორარი; ინფლუენსერმა პოსტი ვადაზე ადრე წაშალა; ან კონკურენტი ბრენდი დაარეკლამა, სანამ ექსკლუზივობის პირობა მოქმედებდა.

ცალკე დგას საკითხი, მომხმარებელს პროდუქტს ვინ და როგორ ურეკლამებს. „რეკლამის შესახებ" კანონი კრძალავს შეცდომაში შემყვან და არაეთიკურ რეკლამას, არხის მიუხედავად. თუ ინფლუენსერის პოსტი მომხმარებელს პროდუქტზე მცდარ წარმოდგენას უქმნის, პასუხს არა მხოლოდ ბრენდი, არამედ თავად ინფლუენსერიც აგებს. ამიტომ „სარეკლამო თანამშრომლობის" ნიშნის გამოტოვება არა მხოლოდ ეთიკური, არამედ სამართლებრივი პრობლემაცაა.

დარღვევის შემდეგ დაზარალებულს რამდენიმე გზა აქვს. შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, გაწეული ხარჯი და დაკარგული სარგებელი. თუ ხელშეკრულებაში პირგასამტეხლო იყო ჩაწერილი საქმე უფრო მარტივდება: ზიანის ოდენობის დამტკიცება საერთოდ აღარ სჭირდება, საკმარისია დარღვევის ფაქტი. არსებითი დარღვევის შემთხვევაში მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლაც შეუძლია და გადახდილის უკან დაბრუნებაც. მაგრამ ხშირად ფულზე მეტად რეპუტაცია ადარდებთ, საჯარო დავა სოციალურ ქსელში ორივე მხარისთვის ძვირი ჯდება, ამიტომ საქმეების დიდი ნაწილი სასამართლომდე არც კი აღწევს, მორიგებით სრულდება.

რჩება ერთი მარტივი დასკვნა: რაც უფრო ამომწურავად და ნათლადაა ჩამოწერილი კონტრაქტში დეტალები: რამდენი პოსტი, რომელ თარიღამდე, რა ტექნიკური მოთხოვნებით, როდის და როგორ ხდება გადახდა, არსებობს თუ არა ექსკლუზივობა, მით ნაკლები საბაბი რჩება დავისთვის.

დასკვნა

ინფლუენსერისა და ბრენდის დავა უმეტესად ჩვეულებრივი სახელშეკრულებო დავაა, რომელსაც კანონი ინსტრუმენტენს სთავაზობს, როგორიცაა ზიანის ანაზღაურებას, პირგასამტეხლოს, ხელშეკრულებიდან გასვლას. პრობლემა იქმნება უფრო ადრე, მაგალითად, კონტრაქტის წერისას ან, უფრო ხშირად, მისი არ არსებობისას. ერთი კარგად დაწერილი გვერდი ხშირად საკმარისია, რომ დავა საერთოდ არ დაიწყოს.