მხედველობაშია კომოანია, რომელმაც პანდემიის შემდეგ ვერ აღიდგინა ბრუნვა, ბანკის სესხზე პროცენტი აღარ ეყოფა, მომწოდებლები ფასდაკლების მაგივრად სარჩელებს წერენ. ორი გზაა, ან სასამართლოში დავები, სესხების ცალკეული რესტრუქტურიზაცია და მუდმივი ჩხუბი კრედიტორებთან, ან ორგანიზებული პროცედურა, სადაც ერთდროულად ყველა კრედიტორთან ურთიერთობა ერთი წესის ქვეშ ექცევა. 2021 წლის აპრილამდე საქართველოში ეს მეორე გზა პრაქტიკულად არ მუშაობდა, ძველი კანონი მოძველებული იყო, ნელი და არაეფექტური. მას შემდეგ ვითარება შეიცვალა.
რას გვთავაზობს ახალი კანონი
2021 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ", რომელმაც ჩაანაცვლა ძველი, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" კანონი. სახელწოდებაშივე ჩანს, რაში მდგომარეობს რეფორმის არსი: კანონი ორ სრულიად განსხვავებულ სცენარს გვთავაზობს, რეაბილიტაციას, ანუ ბიზნესის გადარჩენას, და გაკოტრებას, ანუ მის მოწესრიგებულ ლიკვიდაციას. ორივე შემთხვევაში საბოლოო მიზანი ერთია, კრედიტორთა კოლექტიური და თანაბარზომიერი დაკმაყოფილება, თუმცა გზა რადიკალურად სხვადასხვაა.
განსხვავება ამ ორ რეჟიმს შორის ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე უბრალოდ „გადარჩენა თუ დახურვა". თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება კარგად ხსნის ამ ზღვარს: რეაბილიტაცია არ არის განაწილების პროცედურა, არამედ ბიზნესის გადარჩენის სქემა, სადაც კრედიტორები ან „მიჰყვებიან" გადარჩენილ ბიზნესს, მაგალითად, წილის, მოგებაში მონაწილეობის ან სხვა არაფულადი ფორმით, ან ბიზნესის საბოლოო გაყიდვისას მხოლოდ ფულს იღებენ. თუ კრედიტორები საბოლოო ჯამში მხოლოდ ფულადი გადახდით კმაყოფილდებიან და ბიზნესს აღარ მისდევენ, სასამართლოს განმარტებით ეს რეალურად უკვე გაკოტრებაა, თუნდაც ფორმალურად „რეაბილიტაცია" ერქვას პროცედურას.
პროცედურა იწყება სასამართლოსთვის მიმართვით, ან თავად მოვალის, ან კრედიტორის განცხადებით. სასამართლოს მიერ განცხადების დასაშვებად ცნობისა და შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად ამოქმედდება მორატორიუმი - ეს ალბათ კანონის ყველაზე პრაქტიკული ინსტრუმენტია ბიზნესისთვის. მორატორიუმის მომენტიდან ჩერდება მოვალის ქონებაზე მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები და ახლის დაწყება, ჩერდება საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა და ჯარიმა-საურავის დარიცხვა, უზრუნველყოფილი კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა-გადახდა, ასევე ახალი სასამართლო თუ საარბიტრაჟო დავების დაწყება მოვალის მასის წინააღმდეგ. სხვა სიტყვებით, მოვალეს ეძლევა რეალური, კანონით დაცული სუნთქვის სივრცე, დროებით მაინც, ისე რომ კრედიტორები ერთმანეთის უსწრებას ცალ-ცალკე ვეღარ შეეცდებიან.
რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ინსტიტუტის შემოღებაა, შესაბამისი კვალიფიკაციისა და ავტორიზაციის მქონე პირი, რომელიც სპეციალურ რეესტრშია რეგისტრირებული და პროცედურის სხვადასხვა ეტაპზე მოქმედებს როგორც რეაბილიტაციის ზედამხედველი, რეაბილიტაციის მმართველი ან გაკოტრების მმართველი. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ფორმალობა, პრაქტიკოსის დასკვნები და შენიშვნები რეალურად განსაზღვრავს, დაამტკიცებს თუ არა სასამართლო წარმოდგენილ რეაბილიტაციის გეგმას. თუ გეგმა ბუნდოვანია, არ განსაზღვრავს კონკრეტულ, ერთ რეალისტურ სცენარს, ან არ შეიცავს კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის ზუსტ გრაფიკს, სასამართლო მას არ დაამტკიცებს, და პრაქტიკაში ეს საკმაოდ ხშირად ხდება.
აქვე მოქმედებს მკაცრი დროითი ჩარჩო: რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემდეგ კრედიტორებმა გეგმის პროექტი უნდა მოიწონონ არაუგვიანეს 6 თვისა. თუ ეს ვადა გავიდა და კრედიტორთა უმრავლესობის მხარდაჭერა არ იქნა მიღწეული, სასამართლო ავტომატურად გამოსცემს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ - რეაბილიტაცია გაკოტრებით იცვლება, ინიშნება გაკოტრების მმართველი, და მოვალის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება, გარდა ცალკეული ვიწრო გამონაკლისებისა, წყდება. აქედან შემდეგ პროცესი მთლიანად აქტივების რეალიზაციასა და თანხის კრედიტორთა შორის განაწილებაზეა ორიენტირებული.
ერთი დეტალი, რომელიც ხშირად ავიწყდებათ მოვალეებს არის ის, რომ რეაბილიტაცია ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ ბიზნესი ფინანსური სირთულის ადრეულ ეტაპზევე მიმართავს კანონს, არა მაშინ, როცა კომპანია უკვე ფაქტობრივად ცარიელია. კანონმდებელმა და სასამართლო პრაქტიკამაც ცალსახად აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის რეჟიმი არ უნდა იქცეს გარდაუვალი გაკოტრებისთვის დროის ხელოვნურ გახანგრძლივების საშუალებად - თუ ბიზნესს რეალური აღდგენის პერსპექტივა არ აქვს, სასამართლო ამას ხედავს და გეგმას არ ამტკიცებს.
2021 წლის რეფორმამ საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემას მისცა ის, რაც მას აკლდა: ორი მკაფიოდ გამიჯნული, სტრუქტურირებული გზა, პროფესიონალი პრაქტიკოსის ჩართულობა და ავტომატური მორატორიუმი, რომელიც რეალურად იცავს პროცესის მთლიანობას. თუმცა კანონი მხოლოდ ჩარჩოა, რეალური შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რეალისტურად და დროულად მიმართავს ბიზნესი ამ პროცედურას. გვიან წარდგენილი, ბუნდოვანი ან მხოლოდ დროის მოგებაზე ორიენტირებული რეაბილიტაციის გეგმა თითქმის ყოველთვის გაკოტრებით მთავრდება. ამიტომ ბიზნესისთვის, რომელიც ფინანსური სირთულის ნიშნებს ხედავს, გადამწყვეტია არა თუ საერთოდ ღირს თუ არა ამ მექანიზმის გამოყენება, არამედ რამდენად ადრე მიმართავს მას.