შესავალი: რატომ ირჩევენ ინვესტორები საქართველოს

უცხოელი ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოში ბიზნესს იწყებს, ერთ-ერთი პირველი პრაქტიკული საკითხი სწორედ ბინადრობის ნებართვის მოწესრიგებაა. კანონმდებლობა ამისთვის ცალკე სტატუსს ითვალისწინებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, რომელსაც არც შრომითი ხელშეკრულება სჭირდება და არც ცალკე სამუშაო ნებართვა. საკმარისია, ინვესტორმა კანონით დადგენილი ფინანსური ზღვარი დააკმაყოფილოს.

ვინ იღებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას

„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" კანონი ორ გზას სთავაზობს უცხოელს ამ სტატუსის მისაღებად. პირველი - საქართველოში არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება, დადასტურებული სერტიფიცირებული შემფასებლის დასკვნით. მეორე უძრავი ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწისა) საკუთრება, რომლის საბაზრო ღირებულებაც 300 000 დოლარს აღემატება. ორივე შემთხვევაში უფლება ვრცელდება ინვესტორის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზეც.

როგორ არ აგერიოთ დაბალი ზღვრის სტატუსებში

ხშირად ერევათ ეს სტატუსი უფრო „მარტივ" ვარიანტში - მოკლევადიან ბინადრობის ნებართვაში, რომელიც ასევე გაიცემა უძრავი ქონების საკუთრების საფუძველზე, მაგრამ გაცილებით დაბალი ზღვრით. აქამდე ეს ზღვარი 100 000 დოლარი იყო, 2026 წლის 1 მარტიდან ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებით კი 150 000 დოლარამდე გაიზარდა (ქონების ღირებულებას აკრედიტებული შემფასებელი ადგენს). ეს ორი სტატუსი პრაქტიკულად ცალკეა - მოკლევადიანი ნებართვა მხოლოდ ერთი წლით გაიცემა და ყოველწლიურ განახლებას მოითხოვს, საინვესტიციო ბინადრობა კი 5 წლის ვადით გაიცემა და ბევრად მეტ სტაბილურობას იძლევა.

ვადები და პროცედურა

პროცედურული მხრივ, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით. განცხადება წარედგინება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პირადად, უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ან ელექტრონულად. სტანდარტული ვადა დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 კალენდარული დღეა, თუმცა კანონი დაჩქარებული განხილვის შესაძლებლობასაც იძლევა შესაბამისი, გაზრდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. უცხოეთში გაცემული დოკუმენტები წინასწარ საჭიროებს ქართულ ენაზე ნათარგმნ და ნოტარიულად დამოწმებულ ვერსიას, ასევე ლეგალიზაციას ან აპოსტილს.

რა ხდება 5 წლის შემდეგ - უვადო ბინადრობა

5 წლის ვადის ამოწურვამდე ინვესტორს შეუძლია უვადო ბინადრობაზე გადავიდეს. თუ ნებართვა ინვესტიციის საფუძველზე იყო გაცემული, საჭიროა დადასტურდეს არა მხოლოდ თანხის შენარჩუნება, არამედ სამეწარმეო საქმიანობიდან ბრუნვის ზრდაც: 50 000 დოლარი პირველ წელს, 100 000 მეორეზე, ხოლო მესამე-მეხუთე წლებში არანაკლებ 120 000 დოლარი წელიწადში. ქონების საფუძველზე გაცემულ ნებართვაზე მოთხოვნა უფრო მარტივია, უბრალოდ ინარჩუნებ იმ ქონებაზე საკუთრებას (ან კანონით დაშვებულ ჩანაცვლებულზე) მთელი 5 წლის განმავლობაში. უვადო ბინადრობა კი უკვე მუდმივი ცხოვრების უფლებას ნიშნავს, როგორც ინვესტორისთვის, ისე მისი ოჯახისთვის.

დასკვნა

ის, რაც ხშირად პრობლემას ქმნის, არც ისე რთული საკითხია - უბრალოდ სწორი სტატუსის შერჩევა თავიდანვე. საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის აღრევა, ან ვადების გამოტოვება უვადო სტატუსზე გადასვლისას, ინვესტორს ხშირად ზედმეტ დროსა და ხარჯს უჯდება.