საქართველოს საფინანსო სექტორში საბანკო სესხების გვერდით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მისო) ალტერნატიული საკრედიტო არხი, რომელიც განსაკუთრებით ხელმისაწვდომია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის, ვისაც საბანკო სექტორში სესხის აღება გართულებული აქვს. მისოები საქართველოში ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედებენ და მკაცრად განსაზღვრულ საკანონმდებლო ჩარჩოში საქმიანობენ.
ბოლო ათწლეულში სამართლებრივი ჩარჩო არაერთხელ შეიცვალა: გამკაცრდა სარეგისტრაციო მოთხოვნები, დაწესდა საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი და გაფართოვდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება. ქვემოთ განხილული იქნება თუ რა არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სამართლებრივი თვალსაზრისით, რა მოთხოვნები ეხება მის რეგისტრაციასა და საქმიანობას, და რა უნდა იცოდეს მსესხებელმა საკუთარი უფლებების დასაცავად.
რა არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კანონი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ". კანონის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და საქმიანობს მისი ზედამხედველობით. მხოლოდ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აქვს უფლება, საფირმო სახელწოდებაში გამოიყენოს ტერმინი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია" ან მისი აბრევიატურა „მისო".
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის შემდეგ შეუძლია განახორციელოს შემდეგი ტიპის საქმიანობა: სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სახის სესხის, ასევე საკრედიტო ბარათის გაცემა; ფულადი გზავნილების განხორციელება; სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება; საკონსულტაციო მომსახურების გაწევა მიკროდაკრედიტების მიმართულებით; და სესხის მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან.
რეგისტრაციის მოთხოვნები და საკაპიტალო ბარიერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი, ეროვნული ბანკი არეგისტრირებს მხოლოდ საგადასახადო სამსახურში უკვე დარეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის სახეობა და საფირმო სახელწოდება შეესაბამება კანონისა და შესაბამისი წესის მოთხოვნებს.
2017 წლის 23 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით მნიშვნელოვნად გამკაცრდა სარეგისტრაციო ბარიერი: მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა 250 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. იმავე ცვლილებებით გაფართოვდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება, რის საფუძველზეც დამტკიცდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი"(შემდეგში “წესი), რომელმაც დააწესა ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები: კაპიტალის, ლიკვიდობის და ინვესტიციების კოეფიციენტები, ასევე აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების მეთოდი.
რეგისტრაციის კონკრეტულ წესსა და პირობებს ადგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანება, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა 2012 წლის შესაბამისი წესი. განაცხადის წარდგენის შემდეგ ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილების მისაღებად 45 სამუშაო დღე აქვს. სარეგისტრაციო პაკეტი მოიცავს არაერთ დოკუმენტს: მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერს, წესდებას, ბიზნესგეგმას (მინიმუმ 2 წლის ბიუჯეტითა და ფინანსური პროგნოზით), 1 000 000 ლარის განაღდებული კაპიტალის დამადასტურებელ საბანკო ამონაწერს, აგრეთვე პარტნიორების, ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და ადმინისტრატორების შესახებ დეტალურ ინფორმაციას (მათ შორის ნასამართლობის ცნობებს, განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სარეკომენდაციო წერილებს).
განსაკუთრებულია ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნებიც: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია სათავო ოფისსა და ფილიალებში დამონტაჟოს გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტანდარტების მიხედვით და გააფორმოს ხელშეკრულება საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე დაცვის პოლიციასთან. ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ყოველთვიურად მინიმუმ 14 კალენდარული დღით უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, უარი თქვას რეგისტრაციაზე, თუ სადამფუძნებლო სტრუქტურა ან კაპიტალის წარმომავლობა ბუნდოვანია, ან თუ პარტნიორს/დირექტორს გადაუხდელი ჯარიმა აქვს ეროვნული ბანკის მიმართ. რეგისტრაცია შესაძლოა გაუქმდეს, სხვა საფუძვლებთან ერთად, თუ ორგანიზაცია 6 თვის განმავლობაში საქმიანობას არ ახორციელებს, ზედიზედ ორჯერ ვერ წარადგენს ფინანსურ ანგარიშგებას, ან ხდება გადახდისუუნარო. მნიშვნელოვანი წილის (10%-ზე ან 50%-ზე მეტი) შეძენა ცალკე დამტკიცებას საჭიროებს ეროვნული ბანკისგან: გარიგება ბათილია, თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის.
საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი
მსესხებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული საკითხი სესხზე დასაშვები მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთია. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს სესხზე (ასევე ნასყიდობით განვადებასა და ლიზინგზე) დასარიცხი მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, დღიური პირგასამტეხლოს ზედა ზღვარსა და ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯამურად დასარიცხი თანხის ლიმიტს, ისევე როგორც სესხის ვადამდე დაფარვისას დაწესებული პირგასამტეხლოს მაქსიმალურ ოდენობას. 2017 წელს თავდაპირველად დაწესებული ლიმიტი წლიური ეფექტური 100%-ს შეადგენდა (საჯარიმო სანქციისთვის — 150%), თუმცა 2018 წლიდან ამოქმედებული ცვლილებებით ეს ზღვარი შემცირდა და დღეს ნებისმიერი სახის სესხის — მათ შორის იპოთეკით უზრუნველყოფილის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს.
ეს შეზღუდვა თანაბრად ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, საკრედიტო კავშირებსა და სესხის გამცემ სხვა სუბიექტებზე. თავად საპროცენტო განაკვეთის, საკომისიო გასამრჯელოსა და მომსახურების საფასურის კონკრეტულ ოდენობას კანონი არ განსაზღვრავს — ამას თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ადგენს, ერთადერთი შეზღუდვით, რომ საბოლოო ეფექტური განაკვეთი 50%-ის ზღვარს არ გადააჭარბოს.
მომხმარებლის უფლებები და ეროვნული ბანკის ზედამხედველობა
ეროვნული ბანკის წესი აწესებს დამატებით მოთხოვნებს, მათ შორის ვალდებულებას, რომ ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, სესხის ვადამდე დაფარვის პირობებსა და შედეგებზე, ასევე სესხის ვადამდე ადრე დაფარვისას დარჩენილი ვადის საკომისიო/პირგასამტეხლო შეზღუდულია პროპორციული ლიმიტით, ორგანიზაციას არ აქვს უფლება, მოსთხოვოს მომხმარებელს არაპროპორციულად მაღალი საკომისიო.
ეროვნული ბანკი აქტიურად იყენებს სანქციის უფლებამოსილებას ამ მოთხოვნების დარღვევისთვის. პრაქტიკაში დაფიქსირებულა შემთხვევები, როცა ინდივიდუალურ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯარიმა დაერიცხათ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის დარღვევისთვის მათ შორის კანონით დაშვებულ ზღვარზე მაღალი ეფექტური განაკვეთის ან საჯარიმო სანქციის დაწესებისთვის, ასევე მომხმარებელთა პრეტენზიებზე დაგვიანებული რეაგირებისთვის.
რას უნდა მიექცეს ყურადღება?
მსესხებლისთვის ერთი ძირითადი რისკი შეთანხმების ხელმოწერამდე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის სრულად გაუთვალისწინებლობაშია, ის მოიცავს არა მხოლოდ ნომინალურ პროცენტს, არამედ ყველა თანმხლებ ფინანსურ ხარჯს (საკომისიოებს, დაზღვევის გადასახდელს და სხვა), რომლის გადახდაც უშუალოდ სესხთან არის დაკავშირებული. ორი, ერთი შეხედვით მსგავსი, სასესხო შემოთავაზება შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს რეალურ ღირებულებაში, თუ მხედველობაში არ მიიღება ეფექტური განაკვეთი.
ინვესტორისთვის, რომელიც განიხილავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაფუძნებას, მთავარი ბარიერი 1 000 000-ლარიანი მინიმალური საზედამხედველო კაპიტალია ეს მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივი შპს-ის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალს და მოითხოვს წინასწარ ფინანსურ დაგეგმვას. დამატებით, ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას AML/CFT მოთხოვნები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის შესაბამისად და რეგულარულად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ანგარიშგებალ ამ ვალდებულებების დარღვევა კანონით პირდაპირ არის მითითებული სანქციის საფუძვლად.
დასკვნა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოს საფინანსო სექტორის მნიშვნელოვან და მკაცრად რეგულირებად ნაწილს წარმოადგენენ. 2017–2018 წლების რეფორმებმა არსებითად გაზარდა როგორც ბაზარზე შესვლის ბარიერი (საკაპიტალო მოთხოვნა), ისე მომხმარებლის დაცვის დონე (საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, გამჭვირვალობის მოთხოვნები). ეს ცვლილებები ბაზარს გახადა უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი როგორც ინვესტორისთვის, ისე მსესხებლისთვის.
ამავე დროს, პრაქტიკული წარმატება ამ სფეროში დამოკიდებულია დეტალებზე,ზუსტ შესაბამისობაზე კაპიტალის, ანგარიშგებისა და მომხმარებელთა დაცვის მოთხოვნებთან, ასევე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კანონით დადგენილი ზღვრის მუდმივ დაცვაზე. ვინც ამ დეტალებს უგულებელყოფს, იქნება ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ მსესხებელი, რომელიც ხელშეკრულებას ეფექტური განაკვეთის გააზრების გარეშე აწერს ხელს, საბოლოოდ სწორედ იმ წერტილში აწყდება რისკს, სადაც კანონი ყველაზე მკაფიოდ იცავს მეორე მხარის ინტერესებს.