ქვიშა-ხრეშის, მინერალური წყლის ან სხვა წიაღისეულის მოპოვება ლიცენზიის გარეშე არ შეიძლება. წიაღი სახელმწიფოს ეკუთვნის და მიწის ნაკვეთის ფლობა წიაღით სარგებლობის უფლებას არ გაძლევთ. გამონაკლისია კერძო მფლობელობაში არსებულ ნაკვეთზე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის წიაღისეულის მოპოვება. განცხადებას განიხილავს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო (ზოგ შემთხვევაში ლიცენზიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო გასცემს). ლიცენზიის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის უცხოელს, თუ ის საგადასახადო გადამხდელად არის რეგისტრირებული.
ლიცენზიის მიღების ეტაპები
- განცხადება. განცხადებას ელექტრონულად, rs.ge-ზე ავსებთ. მასში უნდა მიუთითოთ რესურსის სახეობა, ოდენობა, ადგილმდებარეობა სავარაუდო X და Y კოორდინატებით და ლიცენზიის ვადა. დაგჭირდებათ რეესტრის ამონაწერი (კომპანიისთვის) ან პირადობის მოწმობა. თუ ნაკვეთი კერძო საკუთრებაშია, მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობაც უნდა დაურთოთ.
- განცხადების განხილვა: 5 სამუშაო დღე. ამ ვადაში სააგენტო დოკუმენტებს ამოწმებს. ხარვეზის შემთხვევაში გაცნობებთ და გასასწორებლად არაუმეტეს 5 სამუშაო დღეს გაძლევთ. თუ ამ ვადაში ხარვეზს არ გაასწორებთ, განცხადება განუხილველი დარჩება.
- გეოსაინფორმაციო პაკეტი: 30, 15 ან 10 სამუშაო დღე. საფასურის გადახდის შემდეგ სააგენტო ამზადებს პაკეტს, რომელშიც შედის ტერიტორიის მონახაზი, ტოპოგრაფიული რუკა და საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა. რაც უფრო სწრაფად გჭირდებათ, მით უფრო ძვირია. სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, 30 სამუშაო დღის ვადაში პაკეტი 10 ჰექტარამდე ტერიტორიაზე 400 ლარი ღირს, 10 ჰექტარზე მეტზე 500 ლარი. 15 დღეში ეს თანხა შესაბამისად 1 400 და 1 600 ლარია, ხოლო 10 დღეში 2 500 და 3 500 ლარი. მიწისქვეშა წყლებისა და ნახშირორჟანგისთვის ტერიტორიის ზომა არ ითვლება: 30 დღეში 200 ლარია, 15 დღეში 500 ლარი, 10 დღეში 1 000 ლარი. თანხები დღგ-ს მოიცავს.
- სხვა უწყებების პოზიცია: 5 სამუშაო დღე. სააგენტო პაკეტს იმ უწყებებსა და ორგანიზაციებს უგზავნის, რომლებსაც საკითხი ეხებათ. თითოეულს პასუხისთვის 5 სამუშაო დღე აქვს, საჭიროების შემთხვევაში კიდევ მაქსიმუმ 5, თუმცა, თუ წარმოებაში ჩართულმა სუბიექტსმა აღნიშნულის შესახებ შუალედური შეტყობინებით, შესაბამისი დასაბუთებით, უნდა აცნობოს ლიცენზიის გამცემს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში. თუ ვადაში შენიშვნა ან უარი არ წარადგინეს, საკითხი შეთანხმებულად ითვლება. აუქციონის გამოცხადებამდე ან გამოცხადებაზე უარამდე მთელი პროცესი 4 თვეს არ უნდა გასცდეს.
- აუქციონი. ლიცენზია, როგორც წესი, ელექტრონულ აუქციონზე გაიცემა. მონაწილეობისთვის წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ და გადაიხადოთ საგარანტიო თანხა (საწყისი თანხის 10% ან 50%) და 200-ლარიანი მოსაკრებელი.
- გამარჯვების შემდეგ. დარჩენილი თანხა 15 კალენდარულ დღეში უნდა გადაიხადოთ. ამ ვადას თუ გადააცილებთ, კიდევ 15 სამუშაო დღე გაქვთ, მაგრამ ყოველ დაგვიანებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ს ჯარიმას გადაიხდით. თუ მაშინაც არ გადაიხდით, აუქციონი ჩაშლილად ითვლება.
- ლიცენზიის გაცემა. ლიცენზიას საბოლოო თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს მიიღებთ. გადაუდებელ შემთხვევაში ლიცენზიის გაცემა დამატებითი საფასურით შეიძლება დააჩქაროთ.
ზოგ შემთხვევაში ლიცენზია აუქციონის გარეშე გაიცემა. მაგალითად, როცა კერძო საკუთრებაში არსებული ჭიდან ან წყაროდან წელიწადში 5 000 კუბურ მეტრამდე მტკნარი წყალი მოიპოვება.
რა ღირს ლიცენზია
ლიცენზიის მიღებისას ერთჯერადად იხდით 200-ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს, გეოსაინფორმაციო პაკეტის საფასურს და აუქციონზე დაფიქსირებულ თანხას. ამას ემატება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი, რომლის ოდენობა რესურსის სახეობასა და მოცულობაზეა დამოკიდებული.
რამდენი ხნით გაიცემა ლიცენზია
ვადა წიაღისეულის სახეობაზეა დამოკიდებული. ენერგეტიკული დანიშნულების წიაღისეულზე ლიცენზია 45 წლამდე გაიცემა, შავი და ფერადი ლითონების მადნებზე 40 წლამდე, სამშენებლო მასალებზე (მათ შორის ქვიშა-ხრეშზე) და სხვა არამადნეულ წიაღისეულზე 30 წლამდე, მიწისქვეშა წყლებსა და ბუნებრივ არასაწვავ აირებზე 25 წლამდე. წიაღის შესწავლის ლიცენზია 5 წლამდე გაიცემა. გახსოვდეთ, რომ ინერტული მასალის მოპოვება მდინარის კალაპოტიდან ზოგ ზონაში აკრძალულია, მაგალითად ზღვის სანაპირო დაცვის ზოლში.
ლიცენზიის მიღების შემდეგ
ლიცენზიით წიაღით სარგებლობა მხოლოდ დადგენილი მიზნით და ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შეგიძლიათ. უნდა დაიცვათ უსაფრთხოების წესები და გარემო. ლიცენზიის პირობებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს. თუ ლიცენზიით დადგენილ ვადებში წიაღით სარგებლობას არ დაიწყებთ, უფლება შეიძლება გაუქმდეს.
დასკვნა
წიაღისეულის კანონიერად მოსაპოვებლად ლიცენზია სავალდებულოა. თვითნებური სარგებლობა გაწეული ხარჯების აუნაზღაურებლად წყდება და პასუხისმგებლობას იწვევს. პროცესი განცხადებით იწყება და ლიცენზიის გაცემით მთავრდება. აუქციონის გამოცხადებამდე ის 4 თვეს არ უნდა გასცდეს, ხოლო ლიცენზიას საბოლოო თანხის გადახდიდან მე-10 სამუშაო დღეს მიიღებთ. პროცესი შეიძლება დააჩქაროთ, მაგრამ ამას დამატებითი ხარჯი მოჰყვება. განცხადება წინასწარ მოამზადეთ და სრული დოკუმენტები თან დაურთეთ, რადგან ხარვეზის გასასწორებლად მხოლოდ 5 სამუშაო დღე გექნებათ.