საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ონლაინ ვაჭრობას სპეციალური კანონი არ ჰქონდა: ვაჭრობდნენ ზოგადი სამოქალაქო და მომხმარებელთა უფლებების ნორმების საფუძველზე, რაც პრაქტიკაში ბევრ ღია კითხვას ტოვებდა: რა ინფორმაცია უნდა ეწეროს საიტზე, აქვს თუ არა ონლაინ ხელშეკრულებას იურიდიული ძალა, საჭიროა თუ არა საკონტროლო-სალარო. ეს სურათი შეიცვალა, როცა პარლამენტმა 2023 წელს მიიღო „ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონი, რომელიც 2024 წლიდან სრულად ამოქმედდა. დღეს ონლაინ მაღაზია აღარ არის სამართლებრივად „ნეიტრალური" სივრცე, მას ეხება რამდენიმე კანონი ერთდროულად, და მათი უგულებელყოფა კონკრეტულ ჯარიმებში გადაიზრდება.

ვის ეხება კანონმდებლობა?

„ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებზე და უცხოური კომპანიების ადგილობრივ ფილიალებზე. თუ ონლაინ მაღაზია საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიის სახელით მუშაობს ფილიალის გარეშე, კანონი მასზე პირდაპირ არ ვრცელდება, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მას მომხმარებელთან ურთიერთობის სხვა (მაგ. სახელშეკრულებო) ვალდებულებებისგან. საინტერესოა ისიც, რომ მომსახურების მიმღები აქ შეიძლება იყოს ფიზიკური და იურიდიული პირიც, განსხვავებით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონისგან, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირს იცავს.

რა ინფორმაცია უნდა ეწეროს საიტზე?

კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს გამყიდველმა მომხმარებელს ხელშეკრულების დადებამდე, ეს არ არის ფორმალობა, ეს სააგენტოს ზედამხედველობის საგანია. საუბარია საფირმო სახელწოდებაზე და სამართლებრივ ფორმაზე, იურიდიულ მისამართსა და საკონტაქტო მონაცემებზე, საიდენტიფიკაციო ნომერსა და მეწარმეთა რეესტრში რეგისტრაციის ინფორმაციაზე, ასევე თავად გარიგების არსებით პირობებზე: ფასზე, მიწოდების ვადასა და ანგარიშსწორების წესზე. მნიშვნელოვანია ენა: ეს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სხვა ენებზეც შეიძლება დაემატოს, მაგრამ ქართული ვერსიის არჩევანი არ არის, რასაც ხშირად არ ითვალისწინებენ საიტები, რომლებიც მხოლოდ ინგლისურ ან რუსულ ვერსიაზეა აწყობილი.ხელშეკრულების დადებამდე კი დამატებით: რა ტექნიკური ეტაპებია საჭირო შეკვეთისთვის, რომელ ენებზეა ხელშეკრულების დადება შესაძლებელი და როგორ შეიძლება შეცდომის გასწორება.

მომხმარებლის მიერ ნივთის დაბრუნების უფლება და პასუხისმგებლობა

ონლაინ გაყიდვა დისტანციური ვაჭრობაა, ამიტომ მომხმარებელს დამატებითი დაცვის მექანიზმები აქვს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში: ნაკლოვანების მქონე საქონლის შეცვლის, უფასო შეკეთების ან თანხის სრული დაბრუნების მოთხოვნის უფლების ჩათვლით. თუ გამყიდველი არ ასრულებს ამ ვალდებულებებს, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს. სააგენტო ადგენს ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში აკისრებს ჯარიმას, რომელიც კანონით შემოსაზღვრულია წინა წლის ბრუნვის 2%-ით, ხოლო მინიმუმ 600 ლარით. ეს არ არის მხოლოდ თეორიული რისკი - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რეალურად აწარმოებს საქმეებს და აკისრებს ჯარიმებს მოვაჭრეებს, რომლებმაც დაარღვიეს როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ისე ელექტრონული კომერციის კანონი.

ხელშეკრულების ფორმა და ელექტრონული ხელმოწერა

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონულად დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს იურიდიული ძალა, და დოკუმენტს ან ხელმოწერას ვერ უარყოფენ მტკიცებულებად მხოლოდ იმის გამო, რომ ის ელექტრონული ფორმისაა. ეს საფუძველი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" კანონშია ჩამოყალიბებული, რომელიც ევროკავშირის eIDAS რეგულაციის ლოგიკას მისდევს. პრაქტიკული დასკვნა ონლაინ მაღაზიისთვის მარტივია — სტანდარტული პირობები (Terms & Conditions), რომლებსაც მომხმარებელი ჩექბოქსით ეთანხმება შესყიდვისას, სამართლებრივად სავალდებულო ხელშეკრულებაა, თუ ის სწორადაა ჩამოყალიბებული და მომხმარებელს რეალურად ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა მას.

საკონტროლო-სალარო და საგადასახადო მხარე

ონლაინ მაღაზია საგადასახადო თვალსაზრისით არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სავაჭრო წერტილისგან. თუ საქმიანობას ახორციელებს იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება მასზეც ვრცელდება, გამონაკლისები შეზღუდულია და დამოკიდებულია საქმიანობის სპეციფიკასა და სტატუსზე (მაგალითად, მცირე ბიზნესის სტატუსზე). დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაც სავალდებულო ხდება კანონით დადგენილი ბრუნვის ზღვრის მიღწევისთანავე, დამოუკიდებლად იმისა, გაყიდვები ფიზიკურ მაღაზიაში ხდება თუ საიტზე.

პერსონალური მონაცემები

მომხმარებლის სახელის, მისამართის ან გადახდის მონაცემების შეგროვება ონლაინ მაღაზიას ავტომატურად აქცევს მონაცემთა დამმუშავებლად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის გაგებით, რაც გულისხმობს კონფიდენციალურობის პოლიტიკის არსებობას, დამუშავების კანონიერი საფუძვლის განსაზღვრას და საჭიროებისამებრ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობას.

დასკვნა

ის, რაც რამდენიმე წლის წინ სამართლებრივად გამართული არ იყო, დღეს კონკრეტული, აღსრულებადი წესებით რეგულირდება: ელექტრონული კომერციის კანონი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნორმები, ელექტრონული ხელმოწერის რეგულირება და საგადასახადო ვალდებულებები ერთად ქმნის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ონლაინ მაღაზია უნდა მოქმედებდეს. და პრაქტიკა უკვე აჩვენებს, რომ სააგენტო რეალურად ამოწმებს საიტებზე საიდენტიფიკაციო ინფორმაციის სისრულეს, კონფიდენციალურობის პოლიტიკის არსებობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ხოლო დარღვევა ჯარიმით სრულდება.