ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ საქართველოს ბევრი რამ დააკისრა, მაგრამ ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული შედეგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის განახლება იყო. 2011 წლის ძველი კანონი უბრალოდ მოძველდა: არაფერი იცოდა მონაცემთა დაცვის ოფიცერზე, არც "ზეგავლენის შეფასებაზე", თანხმობის საფუძვლებიც ვიწროდ იყო გაწერილი. პარლამენტმა ახალი კანონი 2023 წლის 14 ივნისს მიიღო. მისი ძირითადი ნაწილი ძალაში შევიდა 2024 წლის 1 მარტს, ხოლო მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი და ზეგავლენის შეფასების ვალდებულება - 2024 წლის 1 ივნისიდან. და ის, რაც ბიზნესში ხშირად უბრალო ფორმალობად ითვლებოდა კონფიდენციალურობის პოლიტიკა, თანხმობის ჩექბოქსი საიტზე, ახლა უკვე კონკრეტული ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობასაც რეალური ჯარიმა მოსდევს.
ვის ეხება?
კანონი ვრცელდება ავტომატური თუ ნახევრად ავტომატური საშუალებით მონაცემთა დამუშავებაზე საქართველოს ტერიტორიაზე. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თუ ორგანიზაცია ინახავს კლიენტების, თანამშრომლების თუ ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის სახელს, ტელეფონის ნომერს ან სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციას - მასზეც ვრცელდება ეს კანონი. სულერთია, საჯარო დაწესებულებაა თუ კერძო კომპანია. კონცეპტუალურად კანონი ევროკავშირის GDPR (ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია)-ის ლოგიკას მისდევს - არა იმდენად ტექსტობრივად იდენტურია, რამდენადაც პრინციპებით ჰგავს.
თანხმობა და დამუშავების საფუძვლები
ახალმა კანონმა გააფართოვა ის საფუძვლები, რომელთა არსებობისასაც მონაცემების დამუშავება საერთოდ დასაშვებია: თანხმობის გარდა, ეს შეიძლება იყოს ხელშეკრულების შესრულება, კანონისმიერი ვალდებულება ან დამმუშავებლის კანონიერი ინტერესი. თუმცა ერთი მიმართულებით წესები, პირიქით, გამკაცრდა, მაგალითად პირდაპირი მარკეტინგისთვის. სარეკლამო წერილი ან SMS მომხმარებელს წინასწარი თანხმობის გარეშე უკვე აღარ შეიძლება გაეგზავნოს, რაც პირდაპირ ეხება ყველა ონლაინ მაღაზიას, რომელიც საკუთარ ბაზაზე მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს. მონაცემთა სუბიექტს ნებისმიერ დროს შეუძლია თანხმობის გამოხმობა, რის შემდეგაც დამმუშავებელი ვალდებულია 7 სამუშაო დღეში შეწყვიტოს დამუშავება.
რა უფლებები აქვს მომხმარებელს
მონაცემთა სუბიექტს, ანუ იმ ადამიანს, ვისზეც მონაცემები ინახება, აქვს შემდეგი უფლებები: ნახოს საკუთარი მონაცემები, მოითხოვოს მათი გასწორება ან წაშლა. მაგრამ ახალ კანონში გამოჩნდა ერთი ახალი უფლება - მონაცემთა პორტირება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია მოითხოვოს საკუთარი მონაცემების გადატანა ერთი კომპანიიდან მეორეში, სტრუქტურირებული ფორმატით, რომელიც ტექნიკურად წასაკითხია. ეს პრინციპი პირდაპირ GDPR-იდანაა აღებული და აქამდე ქართულ სამართალში საერთოდ არ არსებობდა.
არასრულწლოვნების მონაცემები
აქ განცალკევებული წესებია: 16 წელს მიღწეული ადამიანის მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მისივე თანხმობით, ხოლო უფრო პატარა ბავშვის შემთხვევაში მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. ორივე შემთხვევაში კანონი მოითხოვს, რომ დამმუშავებელმა გაითვალისწინოს კონკრეტულად ამ ბავშვის ინტერესი, არა უბრალოდ ფორმალურად შეასრულოს პროცედურა.
მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ვისთვისაა სავალდებულო?
ეს ალბათ ყველაზე პრაქტიკული ცვლილებაა კომპანიებისთვის - ვალდებულება 2024 წლის 1 ივნისიდან მოქმედებს. თუ ორგანიზაცია საჯარო დაწესებულებაა, ან კერძო ბიზნესი, რომელიც დიდი მოცულობის მონაცემებთან (კანონის მიხედვით, „დიდი მოცულობა" ნიშნავს არანაკლებ მოსახლეობის 3%-ს, უახლესი აღწერის მონაცემების მიხედვით) მუშაობს ან განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას (ჯანმრთელობის, ბიომეტრიულ მონაცემებს) ამუშავებს, მას მონაცემთა დაცვის ოფიცერის ყოლა ევალება. ეს არ ნიშნავს, რომ ცალკე თანამშრომელი უნდა იყპს დაქირავებული, შეიძლება იყოს არსებული თანამშრომელი ან გარე კონსულტანტიც, თუ მას აქვს საკმარისი დამოუკიდებლობა და კომპეტენცია.
ზეგავლენის შეფასება - სრულიად ახალი ცნება
აქამდე ქართულ კანონმდებლობაში საერთოდ არ არსებობდა მოთხოვნა, რომ მაღალი რისკის შემცველი დამუშავება წინასწარ შეფასებულიყო. ახლა კი, ეს ვალდებულებაც 2024 წლის 1 ივნისიდან მოქმედებს და თუ დამუშავება ხდება ახალი ტექნოლოგიის, მონაცემთა მოცულობის ან მიზნის გამო - მაღალი რისკის მატარებელია ადამიანის უფლებებისთვის, დამმუშავებელი ვალდებულია ჩაატაროს წინასწარი შეფასება. ეს განსაკუთრებით ეხება პროფაილინგს, ფართომასშტაბიან მონიტორინგსა და ახალი ციფრული პროდუქტების ამოქმედებას.
ვინ აკონტროლებს და რა მოსდევს დარღვევას
ყოფილი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური" ახლა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის" სახელით მოქმედებს. მას აქვს გეგმური და არაგეგმური შემოწმებების ჩატარების უფლება, და ეს მნიშვნელოვანი დეტალია, სამსახურს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, კონკრეტული საქმის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით აირჩიოს გაფრთხილება ან ჯარიმა - წინასწარი გამოსასწორებელი ვადა კანონით სავალდებულო წინაპირობად აღარ არის დადგენილი. პრაქტიკაშიც ჩანს, რომ სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მონაცემთა გაჟონვის შემთხვევებს.
დასკვნა
2023-2024 წლების ცვლილებებმა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემა ევროპულ სტანდარტს არსებითად დაუახლოვა: ახალი ცნებები (ოფიცერი, ზეგავლენის შეფასება, პორტირება), უფრო ფართო უფლებები მომხმარებლისთვის და მკაცრი ზედამხედველობა ერთად ქმნის სურათს, სადაც კონფიდენციალურობის პოლიტიკა უკვე აღარ არის საიტის ქვედა ნაწილში ჩაწერილი ტექსტი, არამედ რეალური, აღსრულებადი ვალდებულება. ვინც მომხმარებელთა მონაცემებთან მუშაობს და განსაკუთრებით ონლაინ ბიზნესი - ამ საკითხს მომავალ წლამდე ვეღარ გადადებს.