ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანია სვამს საქართველოს ბაზარზე შესვლისას, არის ის, თუ რამდენ ხანს გასტანს რეგისტრაცია და როდის შეუძლია ბაზარზე გასვლა, ამაზე პასუხი ერთი წინადადებით არ შემოიფარგლება, რადგან ვადა თავიდანვე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი გზით განვითარდება მოვლენები: სრული, ეროვნული პროცედურით, ან თუ ის შემთხვევაა, როცა თქვენი პროდუქტი სხვაგან უკვე დამტკიცებულია და უბრალოდ აღიარებაა საჭირო, აღიარების გზით.

ეს არჩევანი მხოლოდ ტექნიკური დეტალი არაა, რეალურად სწორედ ეს განსაზღვრავს, თვეებზეა საუბარი თუ დღეებზე.

ორი გზა, ორი განსხვავებული ვადა

საქართველოს კანონმდებლობით ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვება ორი გზით ხდება. ერთია ეროვნული რეჟიმი, როცა პროდუქტი პირველად და მთლიანად გადის ექსპერტიზას საქართველოში. მეორეა აღიარებითი რეჟიმი, რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა პროდუქტს უკვე აქვს დაშვება რომელიმე ისეთი ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ორგანოს მიერ, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით სანდო წყაროდაა აღიარებული.

პრაქტიკაში ეს ორი გზა თითქმის განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობს. ეს განსხვავება არა მხოლოდ ფორმალურია, ის განსაზღვრავს, თუ რამდენ თვეს დახარჯავს კომპანია ბაზარზე გასვლამდე.

ეროვნული რეჟიმი: სამი თვე, თუმცა ხშირად დროში გაწელვადი

დაინტერესებული პირი წარადგენს კანონით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, ადმინისტრაციულ და მეცნიერულ-ტექნიკურ ნაწილებს, ასევე მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. აქედან მოყოლებული სააგენტოს აქვს 3 თვე გადაწყვეტილების მისაღებად.

თუმცა ეს ვადა ხშირად მხოლოდ საწყისი წერტილია. თუ ექსპერტიზისას ხარვეზი აღმოჩნდა, განმცხადებელს ეძლევა კიდევ 2 თვემდე მის გამოსასწორებლად. ასე რომ, პრაქტიკაში პროცესი 5 თვემდე შეიძლება გაიწელოს არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტების გამო.

წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ პროდუქტი განთავსდება უწყებრივ რეესტრში და მისი მიმოქცევა ნებადართულია ხუთი წლის განმავლობაში. ვადის გასვლის შემდეგაც კი, პროდუქტს შეუძლია ბაზარზე დარჩენა მისი ვარგისობის ვადის ამოწურვამდე.

აღიარებითი რეჟიმი: შვიდი სამუშაო დღე

ამ შემთხვევაში სულ სხვა სურათი იხატება, თუ პროდუქტს უკვე აქვს დაშვება საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებულ ბაზარზე, სააგენტოს აღარ სჭირდება მთელი მეცნიერულ-ტექნიკური შემოწმების ხელახლა გავლა, მხოლოდ ადმინისტრაციულ ექსპერტიზას ატარებს, პროდუქტის შესახებ ინფორმაცია რეესტრში განთავსდება 7 სამუშაო დღეში, ხოლო ხარვეზის შემთხვევაშიც კი, დამატებით დრო არაუმეტეს 15 დღისაა.

ეს ნიშნავს, რომ კომპანია, რომელსაც პროდუქტი უკვე დამტკიცებული აქვს, მაგალითად, ევროკავშირში, საქართველოს ბაზარზე კვირებში თუ არა, თვის ბოლომდე შეიძლება შევიდეს და არა 5 თვის ლოდინის შემდეგ. ამასთან, რეგისტრაცია გაიცემა იმავე ვადით, რაც პროდუქტს აქვს საწყის ბაზარზეც, თუმცა არაუმეტეს 5 წლისა.

ის, რასაც კომპანიები ხშირად ივიწყებენ

რეგისტრაცია არ არის ერთჯერადი მოვლენა. ხელახალი რეგისტრაციისთვის დოკუმენტები 5-წლიანი ვადის გასვლამდე მინიმუმ ორი თვით ადრე უნდა იყოს წარდგენილი, თავად გადაწყვეტილება 2 თვეში მიიღება, ხარვეზის შემთხვევაში კი კიდევ 2 თვე ემატება. ამ ვადის გამორჩენა ხშირად სწორედ ის შემთხვევაა, როცა პროდუქტი დროებით ბაზრიდან მოიხსნება.

ცვლილებებზეც განსხვავებული ვადები მოქმედებს, კანონი განასხვავებს "II რიგის" (მნიშვნელოვან) და "I რიგის" (ნაკლებად მნიშვნელოვან) ცვლილებებს.: ე.წ. II რიგის ცვლილება სამ თვეს მოითხოვს, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი, I რიგის ცვლილება ტიპის მიხედვით, “ა” ტიპის ცვლილება 20 დღეს, ან “ბ” ტიპის ცვლილება 40 დღეს.

და ბოლოს, თუ უკვე რეგისტრირებული პროდუქტი უბრალოდ სხვა შეფუთვით შემოგაქვთ, ეს პარალელურ იმპორტად ითვლება და სრულ რეგისტრაციასაც კი არ საჭიროებს, საკმარისია შეტყობინება, რომელზეც სააგენტო ხუთ სამუშაო დღეში პასუხობს.

დასკვნა

ცალსახა პასუხი, თუ „რამდენ ხანს გრძელდება რეგისტრაცია" უბრალოდ არ არსებობს. თუ პროდუქტს აქვს დამტკიცება საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებულ ბაზარზე, პროცესი კვირებში დასრულდება. თუ არა ეროვნული რეჟიმის 3-თვიანი ვადა, დამატებითი ხარვეზების გამოსწორების პერიოდის ჩათვლით, შეიძლება 5 თვემდე გაიწელოს, თუ დოკუმენტაცია იდეალურად არ იქნება მომზადებული. ის, რაც ყველაზე ხშირად აყოვნებს პროცესს, უფრო ხშირად არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია და ხარვეზების გამოსასწორებელი დამატებითი დროა. ამიტომ, სტრატეგიულად, ის კომპანიები, რომლებიც წინასწარ სწორად ირჩევენ რეჟიმს და დოკუმენტაციას სრულყოფილად ამზადებენ პირველივე მცდელობისას, დროსაც და რესურსსაც ზოგავენ.