სისხლის სამართლის საქმეზე ლაპარაკისას ჩვეულებრივ ორ კითხვას ვსვამთ - რამდენ ხანს გაატარებს ადამიანი ციხეში ან რა ჯარიმას გადაიხდის. მაგრამ არის მესამე შედეგიც, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ და ხშირად ბევრად უფრო მტკივნეულია - ქონების დაკარგვა. არა იმ ტიპის “კონფისკაცია”, რასაც საბჭოთა კანონმდებლობა იცნობდა, არამედ ვიწროდ ჩამოყალიბებული მექანიზმი, რომელიც კონკრეტულად დანაშაულთან დაკავშირებულ ქონებას ეხება.

ეს თემა განსაკუთრებით საინტერესო ხდება ბოლო წლების ეკონომიკური, საგადასახადო და კიბერდანაშაულების ფონზე, სადაც ხშირად სწორედ ფული ან ქონებაა დანაშაულის მიზანიც და შედეგიც. კითხვა, რომელსაც ხალხი სვამს, მარტივია, თუ ადამიანს ბრალს დასდებენ დანაშაულში, რის შედეგადაც მან ფული ან ქონება მიიღო, რა ემართება ამ ქონებას შემდეგ? საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი სწორედ ამაზე პასუხობს.

ერთი ტერმინი, ორი განსხვავებული ქმედება

კანონი "ქონების ჩამორთმევის" ქვეშ ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ქმედებას აერთიანებს, და ალბათ სწორედ ეს წარმოქმნის ყველაზე მეტ გაუგებრობას. პირველი: დანაშაულის იარაღი და საგანი, თუ ვინმემ კონტრაბანდისთვის მანქანა გამოიყენა ან თაღლითობისთვის კონკრეტული ტექნიკა, სასამართლოს შეუძლია რომ ჩამოართვას. მეორე: გაცილებით ფართო კატეგორიაა, რომელიც ეხება არა "იარაღს", არამედ იმ სარგებელს, რაც პირმა თავად დანაშაულით მიიღო: ფული, ქონება, ნებისმიერი აქტივი.

განსხვავება მნიშვნელოვანია პრაქტიკულადაც. პირველ შემთხვევაში სასამართლო წყვეტს, ღირს თუ არა ნივთის ჩამორთმევა - ამ შემთხვევაში დიდ აზრს იჩენს, თუ საზოგადოებრივ ინტერესზეა საუბარი. მეორე შემთხვევაში კითხვა უფრო მარტივია: თუ დამტკიცდა, რომ ქონება დანაშაულით არის მიღებული, ის ჩამოერთმევა დამატებითი მსჯელობის გარეშე.

ფული "სუფთავდება", მაგრამ კანონისთვის ეს არაფერს ცვლის

მოცემულ შემთხვევაში არის დეტალი, რომელიც მნიშვნელოვანია: ჩამორთმევა არ ჩერდება მხოლოდ იმ ფულზე ან ნივთზე, რაც პირდაპირ დანაშაულით მოიპოვა პირმა. თუ ამ ფულით ან ნივთით რაღაც შემდგომ მოიპოვა, მაგალითად, თაღლითობით მიღებული თანხით ბინა შეიძინა და ის მოგებით გაყიდა, კანონის მიხედვით ჩამორთმევის საგანი შეიძლება გახდეს ეს გაყიდვის ფასიც, არა მხოლოდ თავდაპირველი თანხა.

ეს ნიშნავს რომ დანაშაულით მიღებული ფული, რომელიც უკვე კანონიერ ბრუნვაშია: ბიზნესში ჩადებული, უძრავ ქონებად ან სხვა აქტივად გადაქცეული, არ არის ხელუხლებელი მხოლოდ იმის გამო, რომ ფორმალურად ყველაფერი ხელშეკრულებით არის გაფორმებული. კორუფციული და ეკონომიკური საქმეების პრაქტიკაში ეს ხშირად მთავარი საკითხია - დანაშაულის შედეგი იშვიათად რჩება იმ ფორმით, რა ფორმითაც პირველად წარმოიშვა.

სად მთავრდება სახელმწიფოს უფლებამოსილება

ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერი ქონების წართმევა ეჭვის საფუძველზე. როგორც წესი, მხოლოდ იმის ჩამორთმევაა შესაძლებელი, როგორც წესი, რაც დამნაშავის საკუთრებაშია ან კანონიერ მფლობელობაშია (ან რაც კეთილსინდისიერ შემძენზე არ გადასულა), და მხოლოდ მაშინ, როცა კავშირი დანაშაულსა და კონკრეტულ ქონებას შორის ფაქტობრივად დამტკიცებულია, ხოლო ვარაუდი აქ საკმარისი არ არის.

ყურადღება უნდა მიექცეს ერთ გარემოებას, სანამ საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოვა, სასამართლო ხშირად იყენებს ქონებაზე ყადაღას - დროებით ღონისძიებას, რომლის მიზანია ქონების დამალვის ან გაყიდვის თავიდან აცილება. ეს გაცილებით დაბალი სტანდარტია, ვიდრე ის, რაც საბოლოო ჩამორთმევისთვის სჭირდება, თუმცა 2022 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" არაკონსტიტუციურად ცნო სწორედ ის ნორმა, რომელიც ყადაღის დადებას უშვებდა მხოლოდ ქონების დანაშაულებრივი ხასიათის ვარაუდზე დაყრდნობით, იმის დამტკიცების გარეშე, საერთოდ ექვემდებარებოდა თუ არა ეს კონკრეტული ქონება მომავალში ჩამორთმევას. ადამიანი, რომელსაც ეს პირველადაა ასეთ სიტუაციაში, ხშირად ფიქრობს, რომ თუ ქონება უკვე დაბლოკილია, ის ავტომატურად დაკარგულია, სინამდვილეში ეს ორი სრულიად განსხვავებული ეტაპია.

ქონების ჩამორთმევა არ არის მეორე ჯარიმა ან სასჯელის დამატებითი ზომა, ცალკე ინსტიტუტია, რომლის აზრი მარტივია: დანაშაულის ეკონომიკური სარგებელი დამნაშავეს არ უნდა დარჩეს, თუნდაც ძირითადი სასჯელი უკვე მოიხადოს. სწორედ ამიტომ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ეკონომიკურ და კორუფციულ დანაშაულებში, სადაც პატიმრობა თავისთავად ვერაფერს აღადგენს - მოტივი ხომ ფინანსური სარგებელია.

ამასთან, სწორედ ის, რომ კანონი ასეთი ფართოდაა ჩამოყალიბებული, მათ შორის შემდგომი შემოსავლების ჩართვით, სასამართლოს აკისრებს პასუხისმგებლობას, ყოველ კონკრეტულ საქმეზე ზუსტად აჩვენოს კავშირი დანაშაულსა და ქონებას შორის, და არ დაეყრდნოს ვარაუდს. სწორედ ეს არის ის ზღვარი, რომელიც განასხვავებს კანონიერად შეძენილ ქონებას დანაშაულებრივისგან.