როცა ტენდერში წაგება უსამართლობას ჰგავს

კომპანია თვეების განმავლობაში ემზადებოდა სახელმწიფო ტენდერისთვის, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა, მაგრამ გაიმარჯვა სხვა კომპანიამ, და ისეთ გარემოებებში, რომლებიც პროცედურის კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ აყენებს. ბევრი ასეთ დროს ფიქრობს, რომ დავა უკვე დამთავრებულია. სინამდვილეში კანონი დაზარალებულ პრეტენდენტს კონკრეტულ მექანიზმს სთავაზობს, მაგრამ ერთი პირობით: ვადა მკაცრად შეზღუდულია, და ხშირად სწორედ ვადის გაშვება წყვეტს საქმის ბედს, არა საჩივრის საფუძვლიანობა.

სტატიაში განვიხილავთ, ვის შეუძლია გასაჩივრება, სად შეიძლება მიმართვა, რა ვადები მოქმედებს და რას აღწევს დაკმაყოფილებული საჩივარი.

საბჭო თუ სასამართლო

კანონი პრეტენდენტს ორ გზას სთავაზობს. პირველი გზაა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული დავების განხილვის საბჭო - დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი 5 წევრის შემადგენლობით, 5 წლის ვადით ნიშნავს. მეორე გზა უშუალოდ სასამართლოსთვის მიმართვაა.

საბჭოსთვის მიმართვა უფრო სწრაფი და იაფია, პროცესი მთლიანად ელექტრონულად, სისტემის სპეციალურ მოდულში მიმდინარეობს. თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის: ორივე მხარეს შეუძლია მისი სასამართლოში გასაჩივრება.

გასაჩივრების უფლება ყველასთვის ერთნაირად არ მოქმედებს. გასაჩივრება შეუძლია:

  • შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს, თუ პრეტენზია ეხება სატენდერო ან საკონკურსო განცხადებას ან დოკუმენტაციას;
  • მხოლოდ პრეტენდენტს, თუ ითვლის, რომ დაირღვა მისი შერჩევა-შეფასების წესი წინადადებების მიღების დაწყების შემდეგ;
  • სისტემაში „მიმწოდებლის“ სტატუსით რეგისტრირებულ პირს გამარტივებული შესყიდვის იმ შემთხვევებში, როცა შესყიდვის ღირებულება აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ ზღვრებს და საჩივარი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხება.

ამასთან, კანონი ზოგიერთი გადაწყვეტილების გასაჩივრებას პირდაპირ გამორიცხავს — მაგალითად, თუ საქმე შესყიდვის საშუალების არჩევანის მიზანშეწონილობას ან პროცედურის კანონიერად შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.

ვადა - გადამწყვეტი ფაქტორი

აქ იმალება ყველაზე ხშირი შეცდომა. ვადის დარღვევა ავტომატურად ნიშნავს საჩივრის დაუშვებლობას, მიუხედავად იმისა, რამდენად საფუძვლიანია პრეტენზია არსებითად.

სატენდერო ან საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ წინადადებების მიღების დაწყებამდე. პრეტენდენტების შერჩევასთან, შეფასებასთან ან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია გადაწყვეტილების სისტემაში ატვირთვიდან ან ქმედების განხორციელებიდან 10 დღეში, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებამდე.

პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საბჭოსთვის მიმართვის შესაძლებლობა უკვე დაკარგულია. გამონაკლისია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

საფასური იზრდება

საჩივრის შეტანა უფასო არაა, საფასური შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ია. დღემდე მოქმედი წესით ეს თანხა 100-დან 500 ლარამდე მერყეობდა და საბანკო ბარათით გადაიხდებოდა საჩივრის შეტანისთანავე; დაკმაყოფილების შემთხვევაში კი უკან ბრუნდებოდა. თუმცა 2026 წლის 23 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, ეს ზღვრები არსებითად გაიზარდა: ახლა საფასურის მინიმუმია 500 ლარი, მაქსიმუმი კი 1000 ლარი. ვინც საჩივრის მომზადებას გეგმავს, ამ ცვლილების გათვალისწინება უკვე აუცილებელია.

რა ხდება საჩივრის შეტანის შემდეგ

საბჭო საჩივრის დასაშვებობაზე 2 სამუშაო დღეში იღებს გადაწყვეტილებას. თუ საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვადის დარღვევით ან სხვა კანონისმიერი საფუძვლით, საბჭო მას დაუშვებლად ცნობს. თუ საჩივარში მხოლოდ ფორმალური ხარვეზია, მომჩივანს ეძლევა 1 სამუშაო დღე მის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი ავტომატურად დაუშვებლად ითვლება.

დასაშვებად ცნობისთანავე შესყიდვის პროცედურა ავტომატურად ჩერდება, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე არავითარი გადაწყვეტილება არ მიიღოს. საბჭო შემდეგ ისმენს მომჩივანს, მოპასუხეს, საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებსა და ექსპერტებს, და საბოლოო გადაწყვეტილებას 10 სამუშაო დღეში იღებს; თუ საქმე დამატებით შესწავლას საჭიროებს, ეს ვადა კიდევ 10 დღით შეიძლება გაგრძელდეს.

დაკმაყოფილებული საჩივრის შემთხვევაში საბჭოს შეუძლია მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას პროცედურის კანონის დაცვით გამეორება, გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება, ხოლო სერიოზული დარღვევის დროს დასვას პასუხისმგებელი პირის საკითხიც უფლებამოსილი ორგანოების წინაშე.

დასკვნა

გასაჩივრების მექანიზმი რეალურად მუშაობს, მაგრამ თითქმის მთლიანად ვადებზეა დამოკიდებული. 10-დღიანი ვადა, რომელიც უმეტესად ხელშეკრულების გაფორმებამდე ითვლება, პრაქტიკულად არ ტოვებს დროს მოგვიანებით დაფიქრებისთვის. კომპანიას, რომელიც თვლის, რომ ტენდერში მისი უფლება დაირღვა, სჭირდება სწრაფი და ზუსტი სამართლებრივი შეფასება რათა საჩივარი დროულად და უნაკლოდ ჩამოყალიბდეს, საბჭომ დასაშვებად ცნოს იგი და საქმე არსებითად განიხილოს.