გვხვდება მოსაზრება, რომ შპს-ში წილის გაყიდვა თითქმის ისეთივე ბიუროკრატიული პროცესია, როგორც უძრავი ქონების გასხვისება საჭიროა დანარჩენი პარტნიორების თანხმობა, ნოტარიუსთან სირბილი და ასე შემდეგ. სინამდვილეში კანონი ამის საწინააღმდეგოდ არის აგებული: წილის გასხვისება ნაგულისხმევად თავისუფალია, და შეზღუდვა უფრო გამონაკლისს წარმოადგენს, ვიდრე წესს.
„მეწარმეთა შესახებ" კანონის 141-ე მუხლი კონკრეტულად ეხება შპს-ის წილის გადაცემას, და სწორედ ეს ნორმა ზოგადი დებულებების ნაცვლად განსაზღვრავს, რა ფორმა სჭირდება გარიგებას, როდის ხდება პარტნიორის ცვლილება რეალურად და ვინ რჩება პასუხისმგებელი ძველ ვალდებულებებზე. თავად გარიგება კი, რომელიც ამ გადაცემის საფუძველია, კვლავ სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება, ხოლო კორპორაციული კანონი მას მხოლოდ დამატებით ჩარჩოს სძენს.
ანალიზი
კანონის ლოგიკა უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. პარტნიორს შეუძლია გაასხვისოს ან დატვირთოს თავისი წილი დანარჩენი პარტნიორების ან საზოგადოების თანხმობის გარეშე, რაც პირდაპირ წერია 141-ე მუხლის პირველ პუნქტში და ეთანხმება იმ ზოგად პრინციპსაც, რომელსაც 30-ე მუხლი აწესებს: პარტნიორი თავისუფლად განკარგავს წილს, თუ კანონით, წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აქედან გამომდინარეობს პირველი პრაქტიკული დასკვნ: შეზღუდვის არსებობა ან არარსებობა დამოკიდებულია წესდებაზე. თუ იქ ჩადებულია, მაგალითად, უპირატესი შესყიდვის უფლება ან საზოგადოების თანხმობის მოთხოვნა, ის სავალდებულოა. მაგრამ საინტერესოა, როგორ ჩნდება ასეთი შეზღუდვა: მისი შემოღება არ ხდება ჩვეულებრივ ხმათა უმრავლესობით, არამედ მოითხოვს იმ ყველა პარტნიორის თანხმობას, ვისაც ეს შეზღუდვა შეეხება. კანონმდებელმა პარტნიორის ინტერესი დაიცვა, რომ ვერავინ შეზღუდავს შენს უფლებას, გაასხვისო წილი შენივე თანხმობის გარეშე.
ფორმასთან დაკავშირებით კანონი საკმაოდ ლმობიერია. საკმარისია, რომ წილის გადაცემის შესახებ შეთანხმება წერილობით გაფორმდეს, არავითარი სავალდებულო ნოტარიუსი. ეს, ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელია, რადგან ჩვეულებრივ ვფიქრობთ, რომ ასეთი გარიგებები ავტომატურად ნოტარიულ დამოწმებას საჭიროებს. სინამდვილეში ეს მოთხოვნა შემდეგ ეტაპზე ჩნდება, როცა უკვე რეესტრში ცვლილების რეგისტრაციაზეა საუბარი. სწორედ იქ, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, წარსადგენი დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული ისე, როგორც მე-4 მუხლი ითხოვს ან ნოტარიულად, ან საჯარო რეესტრის მიერ, ან ელექტრონული სანდო მომსახურების კანონის შესაბამისად, ანუ ხელშეკრულება მხარეებს შორის უკვე მარტივი წერილობითი ფორმითაც მოქმედებს, თუმცა რეესტრში წარსადგენად, პრაქტიკაში, დამატებითი დამოწმებაა საჭირო.
გარდა ამისა, კანონი ავალდებულებს პარტნიორს, დაუყოვნებლივ აცნობოს საზოგადოებას გარიგების გაფორმების შესახებ. ეს ვალდებულება არ არის დაკავშირებული რეესტრში რეგისტრაციასთან, ის მოქმედებს დამოუკიდებლად, თუნდაც თანხმობა საერთოდ არ იყო საჭირო.
აქ ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსი: ხელშეკრულების გაფორმება ჯერ არ ნიშნავს, რომ წილი უკვე გადავიდა სხვის საკუთრებაში. კანონის მიხედვით, გადაცემა ძალაში შედის მხოლოდ მაშინ, როცა ახალი პარტნიორი რეესტრში დარეგისტრირდება. ამ მომენტამდე, ფორმალურად წილის მესაკუთრედ ისევ ძველი პარტნიორი ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ გარიგება უკვე დადებულია და საზოგადოებაც ინფორმირებულია. ეს კონსტრუქცია ეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნორმებს მოთხოვნისა და უფლების დათმობის (ცესიის) შესახებ, რადგან წილი საბოლოო ჯამში არამატერიალური უფლებაა და მისი გადაცემის ლოგიკა ცესიის მსგავსია. ამასთან, კანონი პირდაპირ იმოწმებს კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის წესებსაც, რომ თუ ვინმემ რეესტრში დაფიქსირებულ მონაცემებს კეთილსინდისიერად დაეყრდნო, ის დაცულია მაშინაც, თუ სინამდვილეში წილი უკვე სხვისზეა გასხვისებული.
ამასთანავე ღირს ცალკე გამახვილდეს ყურადღება პასუხისმგებლობაზე, ვინც წილს ყიდის, ავტომატურად არ თავისუფლდება საზოგადოების წინაშე არსებული ვალდებულებებისგან. თუ გასხვისების მომენტში მასზე ირიცხებოდა შეუსრულებელი ვალდებულება ვთქვათ, დაუსრულებელი შენატანი, გამსხვისებელი და შემძენი ორივე სოლიდარულად აგებენ პასუხს, თუ წესდება სხვაგვარად არ ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ შემძენს, ფაქტობრივად, შეიძლება მოეთხოვოს იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც მისი არა.
სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება ხდის ხელშეკრულების ტექსტს ისეთივე მნიშვნელოვანს, როგორც თავად კანონისმიერი პროცედურა. კარგი ხელშეკრულება, კანონისმიერ მინიმუმზე მეტს ითვალისწინებს. გამსხვისებელმა უნდა დაადასტუროს, რომ წილი თავისუფალია საამრთლებრივი დატვირთვისგან და დაუსრულებელი ვალდებულებისგან და რომ დაცულია წესდებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. მხარეები უნდა შეთანხმდნენ, ხდება თუ არა სრული ანგარიშსწორება რეესტრში რეგისტრაციამდე ან მის შემდეგ, რადგან სწორედ რეგისტრაცია განსაზღვრავს, როდის გადადის წილი რეალურად მყიდველის საკუთრებაში. თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის რისკი არსებობს, მნიშვნელოვანია წინასწარ გაწერილ იყოს, ვინ და რა ფარგლებში აანაზღაურებს დანაკარგს, თუ საზოგადოებამ მოთხოვნა ერთ-ერთ მხარეს წაუყენა და ცხადია არ უნდა დაგვავიწყდეს დავების გადაწყვეტის მექანიზმიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ-ერთი მხარე უცხოეთშია რეგისტრირებული.
დასკვნა
შპს-ში წილის გასხვისება, კანონის ლოგიკით, ნაგულისხმევად თავისუფალი პროცესია, დანარჩენი პარტნიორების თანხმობა საჭირო არ არის, თუ წესდება საწინააღმდეგოს არ ადგენს. მაგრამ თავისუფლება არ ნიშნავს ფორმალობის არარსებობას. საჭიროა წერილობითი ხელშეკრულება, საზოგადოების დაუყოვნებელი ინფორმირება და, საბოლოო ჯამში, რეესტრში რეგისტრაცია, რომლის გარეშეც წილი ახალ მესაკუთრეზე არ გადადის. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, გამსხვისებელი ავტომატურად არ თავისუფლდება გასხვისებამდე წარმოშობილი ვალდებულებებისგან, რაც ხელშეკრულებაში წინასწარი, ზუსტი განაწილების საჭიროებას ქმნის.