არსებობს შემთხვევები,როცა ტვირთი უკვე გზაშია საქართველოსკენ და იმპორტიორი მხოლოდ მაშინ იგებს, რომ რაღაც დოკუმენტი აკლია, ან საერთოდ არ იცოდა რომ მისი კონკრეტული საქონლისთვის სპეციალური ნებართვა იყო საჭირო. შედეგად საქონელი საბაჟოზე ფერხდება, გროვდება საწყობის დამატებითი ხარჯი და ბიზნეს-გეგმა ფერხდება.
სინამდვილეში საქართველოში იმპორტის პროცესი შედარებით მარტივი და გამჭვირვალეა, თუ წინასწარ იცი, რას მოითხოვს საბაჟო და საგადასახადო კოდექსი.
1. დეკლარაცია და დეკლარანტი
საბაჟო დეკლარაცია ის დოკუმენტია, რომლითაც პირი აცხადებს, რომ საქონელს კონკრეტულ საბაჟო რეჟიმში აქცევს, დეკლარანტი შეიძლება იყოს თავად იმპორტიორი ან მისი წარმომადგენელი, ანუ საბაჟო ბროკერი. იურიდიულ პირს დეკლარაციაში მოეთხოვება სრული დასახელება, მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო ფიზიკურ პირს სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი.
2. რისი გადახდა მოგიწევს და როგორ მოწმდება ღირებულება?
იმპორტთან ერთად სამი შესაძლო გადასახდელია: დღგ, იმპორტის გადასახადი (საბაჟო გადასახადი) და აქციზი.
დღგ ყველგან ერთნაირად, 18%-ია. იმპორტის გადასახადი კი საქონლის ტიპზეა დამოკიდებული, 5% ან 12% შეიძლება იყოს, ან ფიქსირებული, დიფერენცირებული განაკვეთი კონკრეტული საქონლის მიხედვით. ბევრ პროდუქტზე საქართველოს საკმაოდ ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამო განაკვეთი საერთოდ 0%-ია. აქციზი კი მხოლოდ გარკვეულ საქონელს ეხება, მაგალითად, ალკოჰოლს, თამბაქოს, საწვავს, ავტომობილებს და ა.შ. რომლის განაკვეთებიც საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლშია მოცემული.
საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ძირითადი საფუძველია გარიგების ფასი, ფასი, რომელიც რეალურად გადაიხადეთ ან უნდა გადაიხადოთ იმპორტირებულ საქონელზე. ღირებულებას თავად დეკლარანტი განსაზღვრავს, საბაჟო ორგანო კი ამოწმებს მის სისწორეს და, თუ არ ეთანხმება, თავად განსაზღვრავს მას.
თუ საბაჟოს ეჭვი გაუჩნდება, დეკლარანტს ეგზავნება წერილობითი მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტისთვის, მაგალითად, საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის ან სრული საკონტრაქტო მიმოწერისთვის. თუ გარიგების ფასის დადასტურება ვერ ხერხდება, საბაჟო თანმიმდევრობით მიმართავს ხუთ ალტერნატიულ მეთოდს, თითოეულს - წინას დასაბუთებული უარყოფის შემდეგ:
- იდენტური საქონლის გარიგების ფასი
- მსგავსი საქონლის გარიგების ფასი
- საქონლის ერთეულის ფასი
- შედგენილი ღირებულება
- სარეზერვო მეთოდი
თუ ღირებულების საბოლოო შემოწმება დაუყოვნებლივ ვერ სრულდება, საქონლის გაშვება შესაძლებელია გარანტიის უზრუნველყოფით - რასაც ნიშნავს შემდეგს, რომ საქონელს იღებთ დაუყოვნებლივ, გადასახდელის ან შესაბამისი გარანტიის უზრუნველყოფის სანაცვლოდ, სანამ საბაჟო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ინვოისი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები ერთმანეთს ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს შეუსაბამობა არის ის გავრცელებული მიზეზი, რის გამოც განბაჟება ჭიანურდება.
3. საჭირო დოკუმენტები.
ძირითად შემთხვევებში:
- ნასყიდობის ხელშეკრულება ან ინვოისი
- სატრანსპორტო დოკუმენტი (CMR, კონოსამენტი, საჰაერო ზედნადები და ა.შ)
- წარმოშობის სერტიფიკატი, თუ პრეფერენციულ განაკვეთს ითხოვ
ცალკე ყურადღების გამახვილება ღირს იმაზეც, რომ ზოგიერთ საქონელს დამატებითი ნებართვები სჭირდება, როგორიცაა ფიტოსანიტარული ან ვეტერინარული სერტიფიკატი, ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის სპეციალური ნებართვა. თუ ეს დროულად არ იქნება წარდგენილი, საბაჟო 3 სამუშაო დღეს იძლევა ხარვეზის გამოსასწორებლად ან საქონლის უკან გასატანად - წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელი შეიძლება სახელმწიფოს გადაეცეს ან განადგურდეს შენივე ხარჯზე.
4. რას ნიშნავს „ყვითელი დერეფანი"
ყველა ტვირთი ავტომატურად არ იშვება. წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე საბაჟომ შეიძლება „ყვითელი დერეფანი" განსაზღვროს, რაც ნიშნავს დამატებით შემოწმებას - ტვირთი განთავსდება საბაჟოსთან შეთანხმებულ ადგილას, სანამ პროცედურა არ დასრულდება.
5. როდის გადავიხადო
გადასახდელის ჩარიცხვის ვადა დამოკიდებულია პროცედურის ტიპზე: სტანდარტულ შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა; გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისას - რეგისტრაციის ნომრის მინიჭებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა; სხვა შემთხვევაში - საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
დასკვნა
იმპორტის დაწყება საქართველოში დიდი თავსატეხი არ არის, თუ წინასწარ გაარკვევ ოთხ რამეს: შენი საქონლის სასაქონლო კოდსა და მასზე მოქმედ განაკვეთს, საჭირო დოკუმენტების სრულ ჩამონათვალს, იმას, ხომ არ სჭირდება პროდუქტს რაიმე სპეციალური ნებართვა ან სერტიფიკატი, და იმას, რომ ინვოისსა და გადახდის დოკუმენტებს შორის შეუსაბამობა არ დარჩეს.
ამ ოთხივეს წინასწარ გარკვევა გიხსნის საბაჟოზე შეყოვნებისგან და მოულოდნელი ხარჯებისგან.