წარმოიდგინეთ სიტუაცია: ორი წელი მუშაობთ სტარტაპზე, სახელი და ლოგო უკვე ცნობადია, მომხმარებელიც გახსოვთ, ინვესტორიც დაინტერესდა და მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ვიღაც სხვამ იგივე სახელი ადრე დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშნად. ახლა ან სახელს იცვლით, ან ძვირად ღირებულ დავაში ერთვებით, რომლის მოგებაც სულაც არ არის გარანტირებული. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ამავდროულად ყველაზე იაფად თავიდან ასაცილებელი შეცდომაა ქართულ სტარტაპ გარემოში.
ინტელექტუალური საკუთრება სამ სრულიად განსხვავებულ ინსტრუმენტად იყოფა, და თითოეული სხვადასხვა რამეს იცავს, სხვადასხვა წესით მუშაობს და სხვადასხვა დროს მოითხოვს.
სავაჭრო ნიშანი იცავს სახელს, ლოგოს, სლოგანს, იმას, რითიც მომხმარებელი გაარჩევს თქვენს პროდუქტს კონკურენტისგან. საქართველოში ამის დაცვა ავტომატურად არ წარმოიშობა, საჭიროა რეგისტრაცია საქპატენტში, და სანამ ეს არ გაკეთდება, ნიშანზე უფლება პრაქტიკულად არ არსებობს (გამონაკლისია საყოველთაოდ ცნობილი ნიშნები, რომლებზეც სპეციალური რეჟიმი მოქმედებს). რეგისტრაცია 10 წელი გრძელდება, ვადის გასვლის შემდეგ კი შეზღუდვების გარეშე შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 10-10 წლით. მთავარი პრობლემა, რასაც სტარტაპები ხშირად აწყდებიან, არის დროის ფაქტორი, ვინც ნიშანს პირველი დაარეგისტრირებს, სწორედ მას ენიჭება პრიორიტეტი, არა ვინც პირველმა გამოიგონა ან პირველმა გამოიყენა ბაზარზე. სწორედ ამიტომ ღირს სახელისა და ლოგოს რეგისტრაცია დაიწყოთ იმაზე ადრე, ვიდრე ბაზარზე რეალურად გახვალთ.
პატენტი სულ სხვა ლოგიკით მუშაობს, ის იცავს არა სახელს, არამედ ტექნიკურ გადაწყვეტას: გამოგონებას, ახალ ალგორითმულ ან ტექნოლოგიურ პრინციპს, რომელიც სიახლის, საგამომგონებლო დონისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. გამოგონების პატენტი 20 წელი გრძელდება, განაცხადის შეტანის თარიღიდან ათვლით. ნაკლებად ინოვაციური, შედარებით მარტივი ტექნიკური გადაწყვეტებისთვის კი არსებობს სასარგებლო მოდელის რეგისტრაცია, 10-წლიანი და გაცილებით მარტივი ექსპერტიზით. სტარტაპებისთვის, განსაკუთრებით ტექნოლოგიური მიმართულებისთვის, ხშირად სწორედ ეს არჩევანია საკვანძო: სრული პატენტის მოსაპოვებლად წლები სჭირდება და ხარჯიც შესაბამისია, სასარგებლო მოდელი კი გაცილებით სწრაფი და იაფია, თუმცა დაცვის ხარისხიც ნაკლებია.
საავტორო უფლება კი ყველაზე ამოუხსნელად მუშაობს, მისთვის საერთოდ არ არის საჭირო რეგისტრაცია. კოდი, დიზაინი, ტექსტი, ვიდეო, ლოგოს გრაფიკული გამოსახულება (თუ ორიგინალურ ნაწარმოებადაა მიჩნეული) დაცულია ავტომატურად, შექმნის მომენტიდანვე. დაცვა გრძელდება ავტორის სიცოცხლის მანძილზე და გარდაცვალებიდან კიდევ 70 წელი, ხოლო ავტორობისა და სახელის უფლება საერთოდ უვადოა. ამ საკითხში ხშირად ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ავიწყდებათ: თუ დეველოპერი ან გარე კონტრაქტორი ნაწარმოებს (მაგალითად, კოდს) ქმნის დასაქმების ან შეკვეთის ფარგლებში, კანონის მიხედვით ქონებრივი საავტორო უფლებები ავტომატურად ეკუთვნის დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ანუ სტანდარტული წესი სტარტაპის სასარგებლოდ მუშაობს, არა წინააღმდეგ. თუმცა, პრაქტიკაში ეს დამცავი მექანიზმი მაინც არასაკმარისია დამოუკიდებლად, რადგან წერილობითი ხელშეკრულების გარეშე ბევრად რთულდება იმის დამტკიცება, რომ ნაწარმოები რეალურად შეიქმნა სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის ან კონკრეტული შეკვეთის ფარგლებში და არა დამოუკიდებლად, პირადი ინიციატივით. სწორედ ამიტომ რჩება წერილობითი ხელშეკრულება საუკეთესო პრაქტიკად: ის არა უფლების წყაროა, არამედ მისი დამტკიცების ყველაზე მარტივი და საიმედო საშუალება, რომელიც დავის შემთხვევაში სტარტაპს იცავს მტკიცების ტვირთისგან.
არსებობს ერთი პრაქტიკული დეტალი, რაც სამივე ინსტრუმენტს აერთიანებს, არცერთი მათგანი ავტომატურად არ იცავს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ქართული რეგისტრაცია მოქმედებს მხოლოდ საქართველოში, და თუ სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს, სავაჭრო ნიშნისა და პატენტის დაცვა ცალკე უნდა მოეწყოს იმ ქვეყნებში, სადაც კომპანია რეალურად ოპერირებს, ან საერთაშორისო მექანიზმებით.
ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც სტარტაპები უშვებენ, არ არის ინსტრუმენტების არცოდნა, ეს არის დროის არასწორად შეფასება. ხშირად ფიქრობენ, რომ ინტელექტუალურ საკუთრებაზე მაშინ იზრუნებენ, როცა კომპანია გაიზრდება. სინამდვილეში, რაც უფრო გვიან დარეგისტრირდება სახელი ან დაპატენტდება გადაწყვეტა, მით მეტია რისკი, რომ ვინმე სხვამ დაასწროს. ასევე მნიშვნელოვანია, კომპანიის დაარსებისთანავე მოწესრიგდეს ხელშეკრულებები დამფუძნებლებთან, თანამშრომლებთან და გარე კონტრაქტორებთან იმის შესახებ, ვის ეკუთვნის შექმნილი ინტელექტუალური საკუთრება, ეს ერთი პუნქტი ხშირად გადამწყვეტი ხდება ინვესტორის სათანადო შემოწმების (due diligence) ეტაპზეც.