ეს სცენა ბევრმა ბიზნესმა უკვე იცის, დანარჩენებიც ადრე თუ გვიან შეხვდებიან: კართან დგას ადამიანი, აჩვენებს მოწმობას და აცხადებს, რომ საგადასახადო სამსახურიდან მოვიდა. რას იზამ პირველ წუთებში, ხშირად სწორედ ის განსაზღვრავს, როგორი იქნება მთელი შემდგომი პროცესი: მოწესრიგებული და დოკუმენტირებული, თუ ისეთი, სადაც მოგვიანებით ვეღარც ერთი მხარე ვერ ამტკიცებს ზუსტად, რა მოხდა.
ერთი რამ თავიდანვე გასაგები უნდა იყოს: ინსპექტორის კარზე გამოცხადება თავისთავად არ ნიშნავს, რომ მას შეუფერხებლად შეუძლია ბიზნესის საქმიანობაში შეჭრა. საგადასახადო კოდექსი კონტროლის რამდენიმე განსხვავებულ ფორმას ცნობს, და თითოეულს საკუთარი, საკმაოდ მკაცრი წესები აქვს: ვის, როდის და რის საფუძველზე შეუძლია მოსვლა.
პირველი: გაარკვიე, რომელ პროცედურასთან გაქვს საქმე
აქედან იწყება ყველაფერი. კონტროლის მიმდინარე პროცედურები - დათვალიერება, ინვენტარიზაცია, ქრონომეტრაჟი, საკონტროლო შესყიდვა, ჩვეულებრივ წინასწარი შეტყობინების გარეშე ტარდება და კონკრეტულ, ვიწრო საკითხზეა ორიენტირებული, მაგალითად კონკრეტულ დღეს ჩეკის გამოწერაზე. ეს განსხვავებულია გასვლითი საგადასახადო შემოწმებისგან, რომელიც უფრო სისტემურ ხასიათს ატარებს.
გასვლითი შემოწმების შემთხვევაში კანონი კონკრეტულ ვადებს ადგენს: გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე ეგზავნება წერილობითი ან ელექტრონული შეტყობინება, ხოლო შემოწმება თავად უნდა დაიწყოს ამ შეტყობინების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო თუ ეს ვადა გავიდა, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება. ამიტომ თუ ინსპექტორი გეუბნება, გასვლით შემოწმებას ატარებს, მაგრამ არავითარი წინასწარი შეტყობინება არ გქონია ეს პირველია, რაც უნდა დააზუსტო.
გამონაკლისია გადაუდებელი გასვლითი შემოწმება, რომელიც წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული საფუძვლების არსებობისას (მაგალითად, ეჭვი წინა შემოწმებაზე გამოვლენილ დარღვევებზე, საეჭვო წარმომავლობის აქტივები, დოკუმენტების განადგურების ან დამალვის რისკი) და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სასამართლოს ნებართვით. სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო ორგანოს საერთოდ არ აქვს უფლება, დაიწყოს გადაუდებელი გასვლითი შემოწმება, მას შეუძლია მხოლოდ დალუქოს ის დოკუმენტები ან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც შემოწმებისთვის აუცილებელია, სანამ სასამართლო არ იმსჯელებს. თუ სასამართლო ნებართვას არ გასცემს, ლუქი უნდა მოიხსნას.
სთხოვე, ზუსტად დაასახელონ, რომელ პროცედურას ატარებენ და, გადაუდებელი შემოწმების შემთხვევაში, არსებობს თუ არა უკვე სასამართლოს ნებართვა.
მეორე: მოითხოვე მოწმობა და საფუძველი წერილობითი ფორმით
მოწმობის ჩვენება მხოლოდ საწყისი ნაბიჯია. გადასახადის გადამხდელს კანონით აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია მის მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელების საფუძვლის შესახებ, ხოლო გასვლითი შემოწმების შემთხვევაში დაესწროს შემოწმებას პირადად და საგადასახადო ორგანოსგან მიიღოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის უნდობლობის გამოხატვა, აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ჩვეულებრივი უფლებაა, და კეთილსინდისიერ ინსპექტორს ამის მოთხოვნა ხელს არაფერში შეუშლის.
მესამე: არ შეაფერხო, მაგრამ არც გადააჭარბო თანამშრომლობას
კანონი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე: ინსპექტორის ფიზიკურად შეჩერება ან კანონიერი მოთხოვნის იგნორირება ცალკე რისკს წარმოშობს, დამოუკიდებლად თავად შემოწმების შედეგისგან. ამავე დროს, გადასახადის გადამხდელს პირდაპირ აქვს კანონისმიერი უფლება, არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო აქტი ან მოთხოვნა, ანუ თანამშრომლობა არ ნიშნავს ყველაფრის დაუფიქრებლად შესრულებას. რაც შეეხება დოკუმენტებს: გასვლითი შემოწმებისას ინსპექტორს უფლება აქვს, მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლი, ხოლო თუ ეს არ შესრულდა, ამოიღოს დედანი (რომელიც შემოწმების დასრულებისთანავე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს, ამოღების ოქმის შედგენით). შესაბამისად, გონივრული სტანდარტია, რომ გადასცემ იმას, რასაც კონკრეტულად ითხოვენ და რაც შემოწმების გამოცხადებულ ფარგლებში ჯდება.
მეოთხე: ხელმოწერამდე დაფიქრდი, არაფერს მოაწერო ხელი გაანალიზების გარეშე
პირველივე ვიზიტისას ხშირად ითხოვენ ახსნა-განმარტების ან სხვა დოკუმენტის ხელმოწერას იმავე ადგილას. ნუ იჩქარებ. გაქვს უფლება, წაიკითხო, დრო აიღო და საჭიროებისას იურისტთან გაერკვე, სანამ ხელს მოაწერ ან წერილობით პასუხს წარადგენ.
მეხუთე: დააფიქსირე და ჩაიწერე ყველაფერი, რაც ხდება
ინსპექტორის სახელი, თანამდებობა, ვიზიტის დრო, ფაქტობრივი გარემოებები, ეს დეტალები ერთი შეხედვით ფორმალურად გამოიყურება, საქმის დავამდე მისვლამდე. თუ საქმე ასე მიდის, სწორედ ეს ჩანაწერები ხდება მთავარი მტკიცებულება, პროცედურა დაცული იყო თუ არა: მათ შორის, დაცული იყო თუ არა 10-დღიანი შეტყობინების ვადა ან, გადაუდებელი შემოწმების შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სასამართლოს ნებართვა.
მეექვსე: დარეკე, დაუკავშირდი შენს იურისტს ან ბუღალტერს დაუყოვნებლივ
ინსპექტორს შეგიძლია მშვიდად უთხრა, რომ ელოდები კონსულტანტს ან იურისტს ტელეფონზე, რაც ჩვეულებრივი, სრულიად კანონიერი პრაქტიკაა, განსაკუთრებით თუ საქმე რთულ ან გადაუდებელ შემოწმებას ეხება.
საგადასახადო ინსპექტორის მოულოდნელი ვიზიტი სტრესულია, მაგრამ ეს კანონით მკაცრად რეგულირებული პროცესიაა, კონკრეტული ვადებით, საფუძვლებითა და, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, სასამართლოს კონტროლითაც კი. ვინც პირველ წუთებში სიმშვიდეს ინარჩუნებსინარჩუნებს, ამოწმებს პროცედურის ტიპს, ითხოვს დოკუმენტირებულ საფუძველს და ყველაფერს აფიქსირებს, მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს, რომ მოგვიანებით პროცედურული ხარვეზი არსებით პრობლემად გადაიზარდება.
ხშირად ყველაზე დიდი შეცდომა დოკუმენტების ნაკლებობა კი არა, კონტროლის დაკარგვაა პირველივე წუთებში - ხელმოწერა დაუფიქრებლად, მოუთხოვნელი ინფორმაციის გადაცემა ან, პირიქით, ზედმეტი წინააღმდეგობა. სწორედ ამიტომ ღირს, ბიზნესს წინასწარ ჰქონდეს პროცედურა თუ ვინ პასუხობს კარზე, ვის ურეკავს პირველად და რა შეიძლება გადაეცეს ოფიცერს იურისტთან კონსულტაციამდე.