საქართველო წლებია რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ იურისდიქციად ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ბიზნესისთვის. ქვეყანაში მოქმედებს ორი განსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან ხშირად დაკავშირებული სამართლებრივი რეჟიმი ვირტუალური ზონის პირის (ვზპ) სტატუსი, რომელიც IT კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს, და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) რეგისტრაცია, რომელიც ეხება კრიპტო ბირჟებს, საფულის სერვისებსა და მსგავს ბიზნესებს.
დღეს საქართველოში ვზპ სტატუსი 1 200-ზე მეტ კომპანიას აქვს მინიჭებული. ორივე რეჟიმს თან ახლავს კონკრეტული პირობები და შეზღუდვები, რომელთა არასწორმა გაგებამ შესაძლოა შეღავათის ნაცვლად საგადასახადო დავალიანება ან სანქცია გამოიწვიოს.
რა არის ვირტუალური ზონის პირის სტატუსი
ვირტუალური ზონის პირის ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლის დეკემბერში მიღებული „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ" საქართველოს კანონით ჩამოყალიბდა (სსმ, №74, 24/12/2010). კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლას, მხარდაჭერას, განვითარებას, დიზაინს, წარმოებას და დანერგვას, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი. იმავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ვირტუალური ზონის პირი გათავისუფლებულია ყოველგვარი სპეციალური რეგულირებისგან და საქმიანობის განსახორციელებლად არ სჭირდება ლიცენზია, ნებართვა თუ სხვა მარეგულირებელი დოკუმენტი.
სამართლებრივი საფუძვლები და რეგისტრაციის პროცედურა
ვზპ სტატუსის მიმნიჭებელი და მარეგულირებელი ჩარჩო რამდენიმე აქტს ეყრდნობა:
- „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ" საქართველოს კანონი;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი (მათ შორის, მე-8 მუხლის 35-ე–36-ე ნაწილები და 99-ე მუხლი);
- „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილება;
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.
მთავრობის №49 დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, სტატუსის მოსაპოვებლად კანდიდატმა ელექტრონული განცხადებით უნდა მიმართოს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდის (www.mof.ge / www.fas.ge) მეშვეობით და დაურთოს ბოლო სამი წლის საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროექტების ჩამონათვალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სტატუსი მინიჭებულია განუსაზღვრელი ვადით არ საჭიროებს პერიოდულ განახლებას.
საგადასახადო შეღავათები
საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული და განაწილებული მოგება. ამასთან, კოდექსის მე-99 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დივიდენდის განაწილებისას მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული თანხა პირველ რიგში ითვლება გაცემულად. ამას ემატება გათავისუფლება დღგ-სგან და საექსპორტო გადასახადისგან უცხოეთში მიწოდებულ/გატანილ პროდუქტზე. „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ" კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვზპ-ის დაბეგვრასთან დაკავშირებული ყველა საკითხი -მათ შორის დღგ-ისა და საბაჟო შეღავათები - რეგულირდება უშუალოდ საგადასახადო კოდექსით, ეს კანონი მხოლოდ ამ კოდექსისკენ აგზავნის.
მნიშვნელოვანი დათქმაა: შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით (ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე), თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია, არ ჰყავს დაქირავებული პროფილური პერსონალი და შემოსავალს მხოლოდ დივიდენდის სახით იღებს, შემოსავლების სამსახური ინარჩუნებს უფლებას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გადააფასოს ოპერაციის შინაარსი, თუ ფორმა მას არ შეესაბამება.
რისკის წერტილი: არსებითობის (substance) მოთხოვნის ბუნდოვანება
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ" კანონის მე-6 მუხლი აყალიბებს მოთხოვნას, რომ ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც „საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან" — ფორმულირება, რომელსაც ბიზნეს-ასოციაციები და პრაქტიკოსი იურისტები არაერთხელ მიუთითებდნენ როგორც არაცალსახას (იხ. Commersant.ge-ს მასალა ვზპ სტატუსის მიმზიდველობის დაკარგვის შესახებ). კანონი არ აზუსტებს, კონკრეტულად რამდენი თანამშრომელი ან რა მოცულობის ადგილობრივი ხარჯი უნდა ჰქონდეს კომპანიას იმისთვის, რომ საქმიანობა „რეალურად" ჩაითვალოს საქართველოში განხორციელებულად. სწორედ ამან განაპირობა 2021 წლიდან შემოსავლების სამსახურის მხრიდან მასობრივი საგადასახადო შემოწმებები, რომელთა ფარგლებშიც არაერთ ვზპ-ს დამატებითი გადასახადი დაერიცხა.
VASP - ცალკე რეჟიმი კრიპტო ბიზნესისთვის
ვირტუალური აქტივის მომსახურების რეგულირება საქართველოს ეროვნულ ბანკს გადაეცა 2023 წლის დასაწყისში ამოქმედებული ცვლილებებით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში (მუხლი 2, ჰ11 და ჰ14 პუნქტები, matsne.gov.ge/ka/document/view/101044), რომელმაც განსაზღვრა ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) ცნებები. კონკრეტული სარეგისტრაციო წესი დამტკიცდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით - „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე" - რომელიც ძალაში 2023 წლის 1 ივლისიდან შევიდა და შემდგომში რამდენჯერმე შეიცვალა (მათ შორის, №376/04 და №388/04 ბრძანებებით, 2023 წლის დეკემბერში).
წესის მიხედვით, ვირტუალური აქტივის მომსახურება მოიცავს:
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გაცვლას ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში;
- ვირტუალური აქტივის ან მისი გამოსაყენებელი ინსტრუმენტის შენახვას/ადმინისტრირებას;
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვას;
- სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირებას;
- აქტივის სესხად გაცემას ან პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებულ მომსახურებას.
რეგისტრაციისთვის დაწესებულია 5 000-ლარიანი მოსაკრებელი, ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა (მათ შორის ბენეფიციარი მესაკუთრეების) fit & proper შემოწმება, ასევე მოთხოვნა AML/CFT შესაბამისობის შიდა პოლიტიკისა და რისკშეფასების დოკუმენტის წარდგენაზე. პროვაიდერი ითვლება ანგარიშვალდებულ პირად „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის მიზნებისთვის და ვალდებულია განახორციელოს კლიენტების იდენტიფიცირება და ვერიფიკაცია — მათ შორის უკვე არსებული კლიენტების მიმართაც. 2023 წლის 27 ივნისის ცვლილებით (№151/04) პროვაიდერებს აეკრძალათ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემა. რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა კვალიფიცირდება როგორც უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს.
VASP-ი და ვზპ ცალკეული სამართლებრივი რეჟიმებია, სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოთი (ეროვნული ბანკი vs. ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური). კრიპტო ბირჟამ ან საფულის პროვაიდერმა შესაძლოა საჭირო გახადოს ორივე რეგისტრაცია, თუ საქმიანობა ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნასაც მოიცავს.
დასკვნა
საქართველოს საგადასახადო და მარეგულირებელი გარემო ტექნოლოგიური და ციფრული აქტივების ბიზნესისთვის რჩება ერთ-ერთ კონკურენტუნარიან შეთავაზებად რეგიონში: სწრაფი რეგისტრაცია, ლიცენზიის გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა და საგადასახადო შეღავათები რეალურ სტიმულს ქმნის უცხოური ინვესტიციისთვის.
ამავე დროს, ეს შეღავათები პირობითია და არა ავტომატური. კანონმდებლობის ბუნდოვანი ფორმულირებები (განსაკუთრებით - არსებითობის მოთხოვნა ვზპ-სთვის), შემოსავლების სამსახურის მზარდი საკონტროლო აქტივობა და VASP-ისთვის დაწესებული AML/CFT ვალდებულებები ნიშნავს, რომ სტატუსის მოპოვება ცალკე საკმარისი არ არის - საჭიროა კომპანიის სტრუქტურის, კონტრაქტების და ფინანსური ნაკადების დაგეგმვა თავიდანვე. ვინც მოქმედებს ამის გარეშე, საგადასახადო და მარეგულირებელი რისკის წინაშე დგება ხოლმე უკვე შემდეგ ეტაპზე, როცა სტატუსი მინიჭებულია და საქმიანობა მიმდინარეობს.