რთველზე გარიგებები ხშირად სიტყვიერად იდება: მევენახე ყურძნის მოწოდებას ჰპირდება, მეღვინე კი ფასსა და გადახდის ვადას. კანონით ზეპირი გარიგებაც ნამდვილია, მაგრამ დავის დროს მისი პირობების დამტკიცება რთულია. ყურძენი სწრაფად ფუჭდება და დავა ხშირად ხარისხსა და ჩაბარების პირობებზე იწყება. ამიტომ მეღვინეობაში მოწოდების ხელშეკრულება წერილობით ჯობია.

რა ხელშეკრულებებზეა საუბარი?

მეღვინეობაში სამი ძირითადი გარიგება გვხვდება: ყურძნის შესყიდვა მევენახისგან, დამზადებული ღვინის მიწოდება დისტრიბუტორთან, მაღაზიასთან, რესტორანთან ან უცხოელ იმპორტიორთან და ბოთლის, საცობისა და ეტიკეტის შეძენა. მოწოდების ხელშეკრულებაზე ძირითადად ნასყიდობის წესები ვრცელდება, ამიტომ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რა ჩაიწერება თვითონ ტექსტში. დარგობრივ მოთხოვნებს კი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონი აწესრიგებს.

რა უნდა ეწეროს ყურძნის შესყიდვის ხელშეკრულებაში?

უნდა ჩანდეს ყურძნის ჯიში, მოსალოდნელი რაოდენობა, რთველის ვადა, წონის გაზომვის ადგილი და წესი. ფასი შეიძლება ერთ კილოგრამზე იყოს ფიქსირებული ან შაქრიანობას დაუკავშირდეს. ცალკე უნდა გაიწეროს ავანსი, დარჩენილი თანხის გადახდის ვადა და გადახდის ფორმა.

ხარისხზე დავა ხშირად სწორედ აქ იწყება. კანონის მიხედვით, ყურძენი უნაკლოა, თუ შეთანხმებული ხარისხისაა. ამიტომ სასარგებლოა წინასწარ დაიწეროს მაჩვენებლები, მაგალითად შაქრიანობა, მჟავიანობა და ყურძნის მდგომარეობა, და ისიც, ვინ ზომავს, როდის და რომელ ლაბორატორიაში მოწმდება სინჯი.

ყურძნის მიმღები ღვინის კომპანია მიღებულ ყურძენს სპეციალურ ჟურნალში („ყურძნის მიღების ჟურნალი“) აღრიცხავს. ეს მინისტრის 2019 წლის 24 იანვრის №2-78 ბრძანებით დადგენილი წესია. მევენახისთვის ეს პრაქტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა ამ ჟურნალში ხდება. ამიტომ ჩაბარებისას ჩანაწერი ხელშეკრულებასა და გაზომვის მონაცემებს უნდა დაემთხვეს. აღრიცხვისა და შეტყობინების ეს წესი არ ვრცელდება ღვინის კომპანიაზე, რომლის წარმოებული ღვინის წლიური რეალიზაცია ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება.

წარმოშობაც ცალკე საკითხია. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისთვის ყურძენი მთლიანად იმ ადგილზე უნდა იყოს მოყვანილი, რომლის სახელსაც ღვინო ატარებს. დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისთვის საკმარისია ყურძნის არანაკლებ 85%. ორივე შემთხვევაში წარმოების სპეციფიკაცია, რომელიც საქპატენტშია რეგისტრირებული, ადგენს ერთ ჰექტარზე ყურძნის მაქსიმალურ მოსავლიანობას. ამიტომ ხელშეკრულებით შეთანხმებული რაოდენობა ამ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. გამართლებულია სოფლისა და ვენახის ნაკვეთის წინასწარ მითითებაც.

შეიძლება თუ არა ყურძნის ან ღვინის შემოტანა საზღვარგარედან?

საქართველოში ღვინის საწარმოებლად უცხოეთიდან შემოტანილი ყურძნის ან ყურძნის ტკბილის გამოყენება აკრძალულია. აკრძალულია უცხოური ღვინის ქართულ ღვინოსთან შერევაც. ღვინის იმპორტი მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ ის უკვე ბოთლებშია ჩამოსხმული და დამატებით გადამუშავებას აღარ საჭიროებს. ამიტომ ქართული ღვინის საწარმოებლად უცხოეთიდან ყურძნის ან ტკბილის მოწოდების ხელშეკრულება არ გამოდგება.

რა განსაკუთრებულობა აქვს ღვინის მიწოდებას და ექსპორტს?

ღვინის ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ ბოთლებში ან სხვა სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმული სახით, ამიტომ ხელშეკრულებაში ჩამოსხმისა და შეფუთვის პირობები წინასწარ უნდა გაიწეროს. საექსპორტო ღვინო სავალდებულო სერტიფიცირებას გადის. სერტიფიკატის მისაღებად მწარმოებელმა აღრიცხვისა და შეტყობინების წესები უნდა დაიცვას, ამიტომ მიმწოდებლის დარღვევამ გაცემა შეიძლება შეაფერხოს. ხელშეკრულებაში სასურველია ის ჩანდეს, ვინ იღებს სერტიფიკატს და ვინ ატარებს ამ რისკს. ადგილობრივ ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის გამყიდველსაც ამ ღვინის სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს.

დავის ხშირი მიზეზია ისიც, ვის ეკისრება რისკი, თუ გზაში ბოთლები გატყდა ან პარტია დაზიანდა. კანონით რისკი მყიდველზე ნივთის გადაცემისას გადადის, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ. თუ გამყიდველი ნივთს მყიდველის მოთხოვნით სხვა ადგილას აგზავნის, რისკი გადამზიდველისთვის ჩაბარების მომენტიდან გადადის მყიდველზე. ამიტომ ხელშეკრულებაში უნდა დაიწეროს, მიწოდების რომელ მომენტში გადადის რისკი მყიდველზე და აგზავნის გამყიდველი ნივთს თუ თვითონ მიაქვს მას. იგივე ეხება პრეტენზიის ვადას: რამდენ დღეში უნდა შეატყობინოს მყიდველმა ნაკლის შესახებ და როგორ დაადასტუროს იგი. ექსპორტზე ამას იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნები, მიწოდების საერთაშორისო პირობები, ვალუტა და გადახდის გარანტია ემატება. საზღვრისპირა ხელშეკრულებაზე შეიძლება ავტომატურად გავრცელდეს საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის შესახებ გაეროს კონვენცია (1980), თუ მხარეებმა ის გამორიცხეს, ამას ხელშეკრულებაში ცალკე უნდა მიუთითოთ.

ეტიკეტირება და ხარისხი

ბოთლზე ეტიკეტი სავალდებულოა. სავალდებულო ინფორმაციას შორისაა პროდუქტის დასახელება, ნომინალური მოცულობა, ფაქტობრივი სპირტშემცველობა, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებლისა და ჩამომსხმელის დასახელება და მისამართი, ლოტის ნომერი, ხოლო თუ სულფიტი 1 ლიტრში 10 მგ-ს აღემატება, აღნიშვნა „შეიცავს სულფიტებს“. დაცული ადგილწარმოშობის ან გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოზე ამას შესაბამისი აღნიშვნა ემატება. ინფორმაცია ქართულ ენაზე უნდა იყოს მითითებული, ქართულთან ერთად შეიძლება უცხო ენაზეც. ეტიკეტირების წესის დარღვევა პასუხისმგებლობას იწვევს, ამიტომ ხელშეკრულებაში უნდა გაიწეროს, ვინ ამტკიცებს ეტიკეტს და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა.

2027 წლის 1 თებერვლიდან სარეალიზაციოდ განკუთვნილ სერტიფიცირებულ ალკოჰოლიან სასმელზე QR კოდის დატანაც (ნიშანდება) სავალდებულო გახდება. ნიშანდებას სააგენტო ახორციელებს. მისი წესი მინისტრის ბრძანებით 2026 წლის 1 ნოემბრამდე უნდა დადგინდეს, საფასური კი 2027 წლის 1 თებერვლამდე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ხელშეკრულებებისთვის, სასურველია ისიც გაიწეროს, ვინ იხდის ნიშანდების საფასურს.

ღვინის წარმოებისას აკრძალულია, მაგალითად, წყლისა და საქაროზის დამატება (საქაროზა გამონაკლისის სახით ნებადართულია, მაგალითად, არომატიზებულ ღვინოში). წყლისა და საქაროზის დამატება დასაშვებია ღვინისეული სასმლის წარმოებისას. ღვინის წარმოებისას ამ წესის დარღვევა, კანონის მიხედვით, ღვინის თვისებრიობას ცვლის. ამიტომ მყიდველისთვის გამართლებულია, ხელშეკრულებაში მიმწოდებლისგან დაადასტუროს, რომ ღვინო კანონის დაცვით არის დამზადებული.

რისკები და პასუხისმგებლობა

სეტყვა, ყინვა ან ავდარი მოსავალს ამცირებს და მევენახეს ხელშეკრულებით აღებული რაოდენობის მიწოდებას უშლის. ამიტომ ფორსმაჟორი ცალკე უნდა გაიწეროს: რა შემთხვევა ითვლება ფორსმაჟორად, რა ვადაში უნდა შეატყობინოს მხარემ და რა ხდება მოსავლის დაკლებისას. მცირდება რაოდენობა, იცვლება ფასი თუ წყდება ხელშეკრულება.

ვადის დარღვევისთვის ან ცუდი ხარისხისთვის შეიძლება პირგასამტეხლო გათვალისწინდეს. სასამართლოს შეუძლია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შეამციროს, ამიტომ თანხა მოსალოდნელ ზარალს უნდა შეესაბამებოდეს. ბოლოს უნდა გადაწყდეს, დავას სასამართლო განიხილავს თუ არბიტრაჟი.

დასკვნა

მეღვინეობაში მოწოდების ხელშეკრულება ნასყიდობის ზოგადი წესებისა და დარგობრივი მოთხოვნების შეხვედრის წერტილია. პრაქტიკაში ეს ყველაზე ხშირად ჩანს ყურძნის წარმომავლობაში, ხარისხის გაზომვაში, ბოთლებში ჩამოსხმის მოთხოვნაში, სერტიფიცირებასა და რისკის გადასვლის მომენტში. ამიტომ ხელშეკრულება წერილობით უნდა გაფორმდეს და ეს საკითხები წინასწარ უნდა გაიწეროს. ხელმოწერამდე ტექსტის იურისტთან გადახედვა გაცილებით ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე მოგვიანებით დავა.